ახალი ამბები

კახა კალაძე, ხაბეიშვილს მთაწმინდიდან, ხოლო სააკაშვილს ჰოლანდიიდან “გამოქანებას” სთავაზობს

18 იანვარი, 2019 • 5317
კახა კალაძე, ხაბეიშვილს მთაწმინდიდან, ხოლო სააკაშვილს ჰოლანდიიდან “გამოქანებას” სთავაზობს

თბილისის მერი, კახა კალაძე ლევან ხაებიშვილის კრიტიკას ეხმაურება. კალაძე ხაბეიშვილს მთაწმინდიდან, ხოლო საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს – ჰოლანდიიდან “გამოქანებას” სთავაზობს.

“არ ვიცი, ხაბეიშვილს, არასერიოზულ ადამიანს სერიოზულად როგორ უნდა ვუპასუხო, თუმცა ერთ საინტერესო დეტალს გეტყვით: ხაბეიშვილი, მიშა, შალიკო, ეს არის ერთი ტიპის ადამიანები და განცხადებები და მესიჯებიც არის ერთგვარი. ამ ადამიანებს რა უნდა ვუთხრა, რამდენად სერიოზულად უნდა ვუპასუხო.

თუმცა, ერთს ვეტყდოდი, რომ თქვენ, ალბათ, მთაწმინდა იცით, სატელევიზიო ანძა იცით, ისიც იცით, რომ რეაბილიტაციის მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ რესტორნის სახით, გვქონდა ბიზნესსექტორთან შეხვედრა… ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ იქ ადგილს ვაფართოებთ, გამოსაქანებელ ადგილს, და შეუძლიათ, ეს ადამიანები აბრძანდნენ და … ნუ მიშას არ გამოუვა, მაგრამ შეუძლია, ჰოლანდიიდან გამოექანოს,“- ამბობს კალაძე.

განცხადების შემდეგ ჟურნალისტთა ნაწილმა თბილისის მერს განუმარტა, რომ რეპლიკა არაკორექტული იყო, რაზეც კალაძემ დასძინა, რომ “როგორიც არის გამონათქვამები, ისეთი არის პასუხი”.

კახა კალაძე ამ ფრაზით ენმ-ისა და თბილისის საკრებულოს წევრის, ლევან ხაბეიშვილის დღევანდელ განცხადებას გამოხმაურა.  ერთიანი ნაციონალური მოძრაობა  კახა კალაძის დაკითხვას ითხოვს. ლევან ხაბეიშვილის თქმით, კახა კალაძის განცხადება დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით “არ იყო დედაქალაქის მერის განცხადება და ის უფრო ჰგავდა დამნაშავე ბიზნესმენის პოზიციას, რომელიც თავის გამართლებას ცდილობს.”

კახა კალაძემ დღევანდელ ბრიფინგზე ყოფილი ხელისუფლების მხრიდან მშენებლობებთან დაკავშირებულ დერეგულაციებზე ისაუბრა და ქალაქში არსებულ პრობლემებში სწორედ ისინი დაადანაშაულა.

“ეს იყო ერთი დაპატარავებული ბიზნესმენის დამნაშავის თავის მართლების რეჟიმში განცხადება, რომელმაც ჩვენზე უკეთ იცის, რომ მათ შორის სამშენებლო უსაფრთხოებაზე თავად არის პასუხისმგებელი, მათ შორის “ყაზტრანსგაზის” არაფორმალური მენეჯერი არის კახა კალაძე, შესაბამისად, დღევანდელი მისი განცხადება ეძღვნებოდა მის, როგორც ბიზნესმენის თავის მართლებას.

კალაძეს საერთოდ დაავიწყდა, რომ წარმოადგენს “ქართულ ოცნებას” და მმართველი პარტიის გენერალური მდივანი გახლავთ. მან პრესკონფერენციაზე ისაუბრა ცენტრალური ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე და ფაქტობრივად თავიდან აირიდა ყოველგვარი პასუხისმგებლობა. მან ხაზგასმით თქვა, რომ უსაფრთხოება, რომელიც დაკავშირებულია ბუნებრივი აირის გამართულ მუშაობასთან, მასზე პასუხისმგებელი არის ცენტრალური ხელისუფლება და მის დაქვემდებარებაში მყოფი სემეკი,” – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი