ახალი ამბები

გრიპის ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა

4 იანვარი, 2019 • 2351
გრიპის ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა

ერთი თვის განმავლობაში, საქართველოში გრიპის ვირუსით 8 ადამიანი გარდაიცვალა.

როგორც “ნეტგაზეთს” დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა, ყველა შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სხვა თანმხლებ დაავადებებთან ერთად მიმდინარე  H1N1 ვირუსს (ე.წ. ღორის გრიპი).

“გარდაცვლილი, სამწუხაროდ, არის 8 ადამიანი, სადაც ლაბორატორიულად დადასტურებულია სხვა თანმხლებ დაავადებებთან ერთად გრიპის ვირუსის არსებობა. ყველა შემთხვევაში  ადამიანებს ჰქონდათ თანხმლები სერიოზული დაავადება, გარდა ერთი ქალისა, რომელიც ორსული იყო. სხვა შემთხვევებში პაციენტებს, გრიპის ვირუსთან ერთად, ჰქონდათ ისეთი დაავადებები, როგორიცაა გულის კუნთის ინფარქტი, სიმსივნური დაავადება, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის შემდგომი მდგომარეობა, ძლიერი სიმსუქნე და ამ ფონზე განვითარებული გრიპი”,- განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, ვირუსის გავრცელება ეპიდემიურ ზღვართან ჯერჯერობით ახლოს არ არის, თუმცა დამატებითი პროგროზების გაკეთება ორშაბათის მონაცემების დამუშავების შემდეგ გახდება შესაძლებელი.

“ორშაბათის მონაცემებით, 100 000 მოსახლეზე დაფიქსირებულია გრიპის 277 შემთხვევა. [ეპიდემიის] ზღვარი არის 450-500, ამიტომ ეპიდემიისგან შორს ვართ. ეს ჯერ არაა პიკი. ამ კვირის ავადობის გავრცელების მონაცემები უკვე შემდეგ ორშაბათს გახდება ცნობილი და მერე შეგვიძლია, გარკვეული პროგნოზი გითხრათ”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულმა ცენტრმა გრიპის ვირუსის შემთხვევაში რეკომენდაციების შესახებ ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ვიდეომიმართვაც გაავრცელა, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ აქ:

მასალების გადაბეჭდვის წესი