ახალი ამბები

2 კვირაში H1N1-ით ორი ადამიანი დაიღუპა

26 დეკემბერი, 2019 • 4120
2 კვირაში H1N1-ით ორი ადამიანი დაიღუპა

გასულ 2 კვირაში H1N1 ვირუსით ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ დაუდასტურა.

H1N1 გრიპის ვირუსია. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში პაატა იმნაძე რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას:

[checklist]

  • თუ ბავშვს 38,5 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა აქვს ერთი დღე მაინც, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, იგივე ეხება ორსულებსაც. სხვებმა, თუ სამი დღის განმავლობაში გრძელდება 38,5-ზე მეტი ტემპერატურა, აუცილებლად მათაც უნდა მიმართონ ექიმს.
  • ძალიან მნიშვნელოვანია, დაუყოვნებლივ მივმართოთ ექიმს, თუ ნახველში გაჩნდა თუნდაც მცირე სისხლის ან ჩირქის ნაწილაკები.
  • გრიპის დროს პაციენტები უნდა იყვნენ სახლში, რაც შეიძლება მოსვენებულ მდგომარეობაში, არ უნდა დაიტვირთონ ფიზიკურად, უნდა მიიღონ ბევრი სითხე და ჯანსაღი საკვები.
  • მკურნალობის კურსი უნდა გადაწყვიტოს ექიმმა და საჭიროების შემთხვევაში ექიმმა უნდა ჩართოს მკურნალობაში ანტივირუსული საშუალებები. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ანტიბიოტიკების მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე, რადგან ანტიბიოტიკები არცერთი ვირუსის დროს ეფექტს არ იძლევა. ანტიბიოტიკები ინიშნება მხოლოდ ბაქტერიული გართულებების შემთხვევაში.
  • მნიშვნელოვანია ჰიგიენური წესების დაცვა, ხველების ეტიკეტის დაცვა. თუ ხელსახოცი არა გვაქვს, დაცემინებისას ან დახველებისას მივიფაროთ სახეზე ხელი, უმჯობესია – იდაყვის აფარება, რადგან ხელის აფარების შემთხვევაში შეიძლება ვირუსების გავრცელებას შეუწყოთ ხელი.
  • ძალიან მნიშვნელოვანია ხელების ხშირი დაბანა, რადგან ვირუსი ძირითადად ვრცელდება სწორედ ხელის საშუალებით, ჩვენ შეიძლება მოვკიდოთ ხელი რაიმე ზედაპირს, ვირუსი კი გარემოში, ზამთარში, როცა ცივა, რამდენიმე საათი ინარჩუნებს ცხოველმყოფელობას, შემდეგ ხელი შეიძლება სახეზე, თვალზე, ცხვირზე ან ტუჩზე მოვიკიდოთ. ასე გადადის ვირუსი. ასე რომ, ხელების ხშირი დაბანა აუცილებელა. თუ არ არის ხელის დაბანის საშუალება, არის ხელსახოცები სადეზინფექციო საშუალებებით, რომლითაც შეიძლება ხელები დავიმუშავოთ. [/checklist]

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით, გრიპის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებად გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაა მიჩნეული. გრიპის შტამი ყოველ წელს იცვლება და, შესაბამისად, ყოველ წელს ახალი ვაქცინა იქმნება, რომელიც ამ კონკრეტულ შტამზეა მორგებული.

სეზონური გრიპის ვაქცინის გაკეთება მაქსიმუმ დეკემბრის თვის ბოლო რიცხვებამდეა რეკომენდებული. აცრის მსურველებს კიდევ ათი დღე რჩებათ, თუმცა სააფთიაქო ქსელებსა და კლინიკებში ვაქცინა აღარ აქვთ. წელს გრიპის ვაქცინაზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალი იყო და დეფიციტად იქცა იმ მოქალაქეებისთვის, ვინც რისკჯგუფში არ იყო და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეძენილი უფასო ვაქცინა არ ერგებოდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ხათუნა ზახაშვილი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, შარშან, გრიპის ვაქცინის ბოლო, 2000 დოზა კომერციულ სექტორს „ჩაუწვა“ და ვერ გაყიდეს, წელს კი სააფთიაქო ქსელები და კლინიკები ვაქცინის ჭარბი რაოდენობით შემოტანას მოერიდნენ. მოსახლეობის ნდობა კი ამ ერთი წლის განმავლობაში გრიპის ვაქცინისადმი გაიზარდა, გაიზარდა მოთხოვნაც და, შესაბამისად, გაჩნდა დეფიციტი.

დეკემბერი იწურება, გრიპის ვაქცინა ისევ დეფიციტურია – რას ამბობს ჯანდაცვის სამინისტრო

მასალების გადაბეჭდვის წესი