ბიბილოვი: საქართველოსთან ურთიერთობები გამორიცხულია, სანამ ბოდიშს არ მოიხდიან

“საქართველოსთან ყველანაირი ურთიერთობა გამორიცხულია, სანამ ისინი ჩვენს დამოუკიდებლობას არ აღიარებენ და ჩვენი ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამო ბოდიშს არ მოიხდიან”, – განაცხადა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა ცხინვალში პრესკონფერენციის დროს.

“მინდა აღვნიშნო, რომ ქართულმა მხარემ ბოლო დროს მოუხშირა სამხრეთ ოსეთის საზღვარზე მოსვლას, საქართველოს მოქალაქეები კი არ იქცევიან სათანადოდ, როდესაც სხვადასხვა სახის პროვოკაციულ აქციას მართავენ”.

8 დეკემბერს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის და საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მუსიკოსებმა ჩაატარეს აქცია, სახელწოდებით “არა ოკუპაციას”.

მანამდე, 10 ნოემბერს, აქ აქცია მოაწყო პოლიტიკურმა პარტია “გირჩმა”, რომლის დროსაც “გირჩის” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ინიციატივით, დემონსტრანტებმა შარვლები ჩაიხადეს და რუსეთს უკანალი მიუშვირეს.

აქციები უკავშირდება ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან დე ფაქტო საზღვრის სადემარკაციო სამუშაოების დაწყებას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი