ეუთო-ს ყოფილი, მოქმედი და მომდევნო 3 წლის თავმჯდომარე ქვეყნები ერთობლივ დოკუმენტში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე საუბრობენ.
განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ნათქვამია, რომ ეუთო-ს 27-ე მინისტერიალის ფარგლებში მიღებული იქნა ე.წ. ხუთეულის განცხადება (ყოფილი, მოქმედი და მომდევნო 3 წლის თავმჯდომარე ქვეყნები), როგორც მინისტერიალის ერთგვარი დასკვნითი დოკუმენტი, სადაც პირველად მრავალი წლის შემდგომ, საუბარია საქართველოში არსებულ კონფლიქტზე.
“ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ხაზს ვუსვამთ ჩვენს შეშფოთებას საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესების გამო.
გამოვხატავთ ურყევ მხარდაჭერას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისადმი (GID), ამ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობის მიზნით; ჟენევის საერაშორისო მოლაპარაკებები რჩება უმთავრეს საერთაშორისო პლატფორმად ამ კუთხით და ეუთო მზად არის განაგრძოს ამ ფორმატის ხელმძღვანელობა, ევროკავშირთან და გაეროსთან ერთად”- ნათქვამია განცხადებაში.