ბიოლის ფონდში “ჩარევა სასურველიას” გამარჯვებულად თამარ მეარაყიშვილი დაასახელეს

დღეს, 22 დეკემბერს, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ ახალგორელი აქტივისტი თამარ მერაყიშვილი, რომელსაც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება დევნის, 2018 წლის “ჩარევა სასურველიას” გამარჯვებულად დაასახელა.

წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ბიუროს დირექტორმა ნინო ლეჟავამ თამარ მეარაყიშვილის შესახებ ვრცლად ისაუბრა.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ ადამიანის შეხსენება ქართული საზოგადოებისთვისაც, რადგან გვესმის, რომ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ დასახელება კიდევ ერთხელ შეახსენებდა იმ ადამიანებს, რომელთაც უნდა აღელვებდეთ აქტივისტ თამარ მეარაყიშვილის ბედი და მისი მომავალი. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ იზოლაციის მიუხედავად, თამარ ჰქონდეს იმის შეგრძნება, რომ ის ახსოვთ და მასზე ზრუნავენ”.

როგორც ფონდის ხელმძღვანელი ამბობს, თამარ მეარაყიშვილი “დაკვირვებისა და შიდა განხილვის შედეგად გამოარჩიეს”.

“პირველად მე ზუსტად 10 წლის წინ გავიცანი, როცა ფონდში დაესწრო აგვისტოს ომის შემდეგ გამართულ პირველ საჯარო დისკუსიას. მოგვიანებით მისი “თავისუფლების დღიურები” წავიკითხე. უკვე მაშინ მისმა გაბედულებამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მაშ შემდეგ ხშირად მიფიქრია ხოლმე მასზე – როგორ მოვიქცეოდი მე მის ადგილას.

ეს ადამიანი საკუთარი ენერგიით უამრავ დადებით იმპულსს გასცემს და სხვებსაც ახალისებს და აძლიერებს სამოქმედოდ და ჩასარევად. ჩვენც წლების განმავლობაში შესაძლებლობას გვაძლევდა ხოლმე, ჩავრთულიყავით მისი მეურვეობის ქვეშ მყოფი ბავშვების სასარგებლოდ.

თამარ მეარაყიშვილი ის ადამიანია, რომელიც წლების განმავლობაში დაუზარლად კვეთდა ადმინისტრაციულ საზღვარს, რომ ახალგორში დარჩენილი ბავშვებისთვის შესაძლებლობები და თვალსაწიერი გაეფართოებინა.

ის გაუთავებლად ელაპარაკება საზღვარს გაღმა-გამოღმა დარჩნილ ქართველებსა და ოსებს, და ჩრდილოკავკასიელებსაც. ის ელაპარაკება და ედავება ქართველ თანამემამულეებსაც, რადგან აინტერესებს, თუ როგორ მორიგდებიან ქართველები და ოსები ერთმანეთში.

თამარ მეარაყიშვილი გვაოცებს თავისი ამტანობითა და ჯიუტი პრინციპულობით. ის ომის შემდეგ წლების განმავლობაში კარს უტალახებდა ხოლმე კულტურისა და განათლების სამინისტროს, რომ დამატებითი თეთრები მოეპოვებინა ახალგორის ბავშვთა კულტურის სახლის საქმიანობის დასაფინანსებლად.

33 წლის ახალგაზრდა ქალისთვის მაშინ განსაკუთრებულად შეიცვალა ცხოვრება, როცა მან გადაწყვიტა, კონფლიქტის ზონაში საცხოვრებლად დარჩენილიყო.

“ჩვენ თუ გამოვედით, ბავშვიანი ოჯახები თუ გამოვიდნენ კონფლიქტის ზონიდან, მაშინ რაღა დარჩება ახალგორში?”, – ასე მითხრა ერთხელ თამარმა.

მას აქვს უნიკალური უნარი, კონფლიქტის ორივე მხარეზე იპოვოს თანამოაზრეები და მხარდამჭერები.

მის მიერ მოწოდებული ინფორმაციაც მრავალი მედია-გამოცემისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი წყარო იყო ხოლმე”.

ფონდის დირექტორმა ნინო ლეჟავამ სიმბოლური საჩუქარი თამარ მეარაყიშვილისთვის, მის შვილს, ანა ზოზიროვს გადასცა


თამარ მეარაყიშვილს, 2018 წლის 12 დეკემბერს, საქართველოში ნიდერლანდების საელჩომ ადამიანის უფლებათა ტიტა გადასცა.

2018 წლის აპრილში თამარ მეარაყიშვილი საქართველოს სახალხო დამცველმა გაეროსა და ვაცლავ ჰაველის პრიზებზეც წარადგინა:

“აქტივისტი და ბლოგერი თამარ მეარაყიშვილი საკუთარი სიცოცხლის, უსაფრთხოების და ჯანმრთელობის რისკის ფასად ასაჯაროებს ოკუპირებულ ახალგორში შექმნილ მძიმე უფლებრივ მდგომარეობას და დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ადგილობრივი მოსახლეობის უფლებათა დარღვევის შემთხვევებს”,- წერს ომბუდსმენი.

ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ახალგორში, საქართველოს არაკონტროლირებად რეგიონში ცხოვრობს. 2017 წელს მის წინააღმდეგ ადგილობრივმა დე ფაქტო ხელისუფლებამ სისხლის სამართლის რამდენიმე საქმე [მათ შორის ცილისწამება მმართველი პარტია “ერთიანი ოსეთის” მიმართ და ყალბი საბუთების დამზადება-გამოყენება] აღძრა. მას ჩამოართვეს პასპორტი და ყველა საჭირო დოკუმენტი. შესაბამისად, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიის გარდა, გადაადგილება შეზღუდული აქვს.

თამარ მეარაყიშვილის საქმეებზე ვრცლად წაიკითხეთ აქ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი