ახალი ამბები

დაპირისპირება ვიტ ჯორჯია-სამტრედიის მატჩზე — მოედანზე გულშემატკივრები შეიჭრნენ

15 დეკემბერი, 2018 • 1772
დაპირისპირება ვიტ ჯორჯია-სამტრედიის მატჩზე — მოედანზე გულშემატკივრები შეიჭრნენ

15 დეკემბერს საფეხბურთო კლუბებს, “ვიტ ჯორჯიასა” და “სამტრედიას” შორის მატჩის მიმდინარეობისას ფეხბურთელებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას მოედანზე გულშემატკივრების შეჭრა მოჰყვა.

ეროვნული ლიგის ფლეიოფის მატჩის პირველი გოლი “ვიტ ჯორჯიას” ფეხბურთელმა ზურაბ ღირდალაძემ გაიტანა მე-5 წუთზე (13:05).

გოლის გასვლას გუნდებს შორის მოკლე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, თუმცა მატჩი მალევე განახლდა.

თამაშის 06:27 წუთზე ჯერ “ვიტ ჯორჯიას” ფეხბურთელმა ბურთისთვის ბრძოლაში წააქცია მეტოქე, სამიოდე წამში კი “სამტრედიის” კაპიტანმა შოთა კერძევაძემ “ვიტ ჯორჯიას” 22 ნომერს, ნიკოლოზ მაისურაძეს მხარში ფეხი ჩაარტყა.

მსაჯმა კერძევაძეს წითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა.

თუმცა ინციდენტი ამით არ დასრულებულა — მოედანზე გულშემატკივრები შემოიჭრნენ და მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა.

“სამტრედიის” კაპიტანმა შოთა კერძევაძემ “ვიტ ჯორჯიას” 22 ნომერს, ნიკოლოზ მაისურაძეს მხარში ფეხი ჩაარტყა

ნეტგაზეთი დაინტერესდა, დაეკისრება თუ არა რომელიმე კლუბს რაიმე სანქცია ინციდენტის (“ვიტ ჯორჯიას” — უსაფრთხოების სუსტად უზრუნველყოფის, “სამტრედიას” გულშემატკივრის შევარდნის) გამო.

როგორც ნეტგაზეთს ფეხბურთის ფედერაციაში განუმარტეს, მატჩის შემდეგ სპეციალური დელეგატი შეადგენს ანგარიშს, რომელიც სამშაბათს წარედგინება დავების განმხილველ კომისიას, კომისია კი მხარეების მოსმენის შემდეგ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

მატჩი საბოლოოდ “ვიტ ჯორჯიას” გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 4-0.

გუნდების წინა შეხვედრა 2-2 დასრულდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი