ახალი ამბები

ადამიანთა ჯგუფი ენმ-ის აქტივისტებს სამტრედიასთან ცოცხებით დახვდა

14 ოქტომბერი, 2021 • 1889
ადამიანთა ჯგუფი ენმ-ის აქტივისტებს სამტრედიასთან ცოცხებით დახვდა

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დასასწრებად თბილისისკენ მომავალ მოქალაქეებს სამტრედიასთან ადამიანთა ჯგუფი დახვდა ცოცხებით ხელში. აღნიშნულის შესახებ ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის ლიდერი ანი წითლიძე ფეისბუქზე წერს.

“სამტრედიასთან გააჩერეს კოლონები. გზა გადაგვიკეტეს. 30 კაცია ცოცხებით”, — დასძენს წითლიძე.

ფეისბუკზე გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ხსენებული პირები შეურაცხმყოფელი შეძახილებით ხვდებიან ავტომანქანებს, რომლებშიც ოპოზიციის მხარდამჭერები სხედან. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც.

შეკრების მონაწილეთაგან არაერთს ხელში ცოცხი ეკავა. ზოგიერთი მათგანი აქტივისტების ავტომანქანებს ცოცხებს ესროდა. კადრებში ჩანს, რომ აღნიშნულის მიუხედავად, ავტოკოლონა გზას განაგრძობს.

წითლიძის თანახმად, შეკრებილთა შორის იყვნენ “ქართული ოცნების” სახეები ზუგდიდიდან. “ნეტგაზეთი” მათთან დაკავშირებას ცდილობს ინფორმაციის გადასამოწმებლად.

თბილისისკენ აქციაზე მომავალ კოლონებს ცოცხებით დახვდნენ საქართველოს სხვა რეგიონებშიც. მათ შორის ქალაქ რუსთავში, სადაც ადამიანთა ჯგუფმა მანქანებს დაუშინეს ცოცხები და ასევე ფიზიკურადაც დაესხნენ თავს.

აქცია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში 14 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. შეკრებას მოქალაქეები რეგიონებიდანაც უერთდებიან.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს საქართველოში დააკავეს. ის უკრაინიდან არალეგალური გზებით შემოვიდა.დაკავების შემდეგ სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო და, როგორც ადვოკატები აცხადებენ, ამის გამო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულდება.

ფოტო გარეკანზე: სქრინები Newposts-ისა და Maestro TV-ს ვიდეოებიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი