ჟენევაში დევნილთა საკითხების განხილვის დროს რუსებმა, აფხაზებმა და ოსებმა დარბაზი დატოვეს

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 46-ე რაუნდზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრის აუცილებლობაზე.

“საქართველოს დელეგაციამ ვრცლად ისაუბრა რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პროცესის მძიმე შედეგებზე ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციის პროცესზე, გახშირებულ სამხედრო წვრთნებსა და საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტებზე.

ქართველმა მონაწილეებმა ისაუბრეს საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებით გამაგრებაზე და დაგმეს სოფელ ატოცთან ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი”.

უწყების ცნობითვე, ქართულმა დელეგაციამ კვლავ დააყენა მოსკოვის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებისა და შესრულების საჭიროება და აღნიშნულის უზრუნველსაყოფად საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განთავსების აუცილებლობა.

“მოლაპარაკებებისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარული მკვლელობის ფაქტებზე. საქართველოს წარმომადგენლებმა კვლავ დააყენეს აღნიშნულ საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების საჭიროება”.

გარდა ამისა, ოფიციალური ცნობითვე, დისკუსიებზე “ვრცლად იქნა განხილული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე, მცხოვრები მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა. საუბარი შეეხო თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის, საკუთრებისა და სხვა ფუნდამენტური უფლებების დარღვევის საკითხს.

განსაკუთრებული განხილვის საგანი იყო გალისა და ახალგორის ქართველი მოსახლეობის ეთნიკური დისკრიმინაციის მძიმე შედეგები და ამ გამოწვევის დაუყოვნებლივ გადაჭრის აუცილებლობა. აღინიშნა, რომ არსებული დისკრიმინაციული შეზღუდვები და შედეგად ადგილზე შექმნილი რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარება ქმნის ეთნიკური წმენდის ახალი ტალღის საფრთხეს. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა რუსეთის ფედერაციის, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალის, პასუხისმგებლობას”.

უწყების ინფორმაციითვე, “რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენელთა დესტრუქციული პოზიციის გამო, ვერ მოხერხდა დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემის – ეთნიკური წმენდის შედეგად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხის განხილვა.

აღნიშნულ თემაზე დისკუსიის თავიდან აცილების მიზნით, მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან დატოვეს მოლაპარაკებები”.

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება 2019 წლის 2-3 აპრილს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი