ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საქართველო განაგრძობს და მომავალშიც გააგრძელებს ძალისხმევას ჟენევის მოლაპარაკებებში – საგარეო

27 თებერვალი, 2024 •
საქართველო განაგრძობს და მომავალშიც გააგრძელებს ძალისხმევას ჟენევის მოლაპარაკებებში –  საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველო განაგრძობს და მომავალშიც გააგრძელებს ძალისხმევას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში.

ამის შესახებ ნეტგაზეთს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში განუცხადეს.

მათივე განცხადებით, საქართველო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდისთვის ემზადება.

„ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას, სადაც ქართული მხარე, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მიზნად ისახავს, პროგრესს მიაღწიოს ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორიც არის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, ჰუმანიტარული საკითხები და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება. საქართველო განაგრძობს და მომავალშიც გააგრძელებს ამ მიზნით ძალისხმევას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ემზადება მომდევნო რაუნდისთვის“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში.

აფხაზური მხარე კვლავ საუბრობს იმის შესახებ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის მინსკში გადატანა სურთ.

“ჟენევა შესაძლოა შეიცვალოს მეგობრულად განწყობილი ბელარუსის დედაქალაქით – მინსკით” ,- განაცხადა ასლან ბჟანიამ [დე ფაქტო პრეზიდენტი] დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის ინალ არძინბას 2023 წლის ანგარიშის მოსმენისას.

ბჟანია ამბობს, რომ ახალ პლატფორმასთან დაკავშირებით კომუნიკაცია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ჰქონდა.

ამასთან, ინალ არძინბამაც ისაუბრა იმის შესახებ, რომ “ჟენევა ვერ უზრუნველყოფს მოლაპარაკებების ორგანიზაციულ და ტექნიკურ პირობებს ადეკვატური ფორმით”.
სოხუმსა და მოსკოვს ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატის მინსკში გადატანა სურთ

მასალების გადაბეჭდვის წესი