საზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

მოსკოვი თბილისისგან “აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საზღვრების” მონიშვნას ითხოვს

15 ნოემბერი, 2023 • 19445
მოსკოვი თბილისისგან “აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საზღვრების” მონიშვნას ითხოვს

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდამდე, დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრის დროს რუსულმა მხარემ, როგორც ერთ-ერთმა მონაწილემ, ისაუბრა “საქართველოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესსა და შემდგომი დემარკაციის მნიშვნელობაზე”.

ამასთან, როგორც რუსული მედია წერს, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას აქცენტი გააკეთა “თბილისთან უფრო აქტიური მუშაობის საჭიროებაზე სამხრეთ ოსეთის საზღვართან ინციდენტის შემდეგ”.

6 ნოემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში მცხოვრები თამაზ გუნტური მოკლეს, მისი თანხმხლები ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. შემთხვევა ლომისის ეკლესიასთან მოხდა. გინტური და დოთიაშვილი თანასოფლელებთან ერთად ჯერ სოფლის სასაფლაოზე იყვნენ, შემდეგ კი ლომისის ეკლესიაში, სანთლის დასანთებად მივიდნენ. მათ ოკუპანტების მიერ აჭედილი ლომისის ეკლესიის კარი შეამტვრიეს. ამის შემდეგ მათ რუსი სამხედროები დაესხნენ თავს, გინტური მოკლეს, დოთიაშვილი კი გაიტაცეს. ლევან დოთიაშვილი 9 ნოემბერს გაათავისუფლეს.

ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი 2023 წლის დეკემბრის დასაწყისში უნდა გაიმართოს.

ჟენევის დისკუსიები 2008 წლიდან, აგვისტოს ომის შემდეგ მიმდინარეობს. მოლაპარაკებები ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით იმართება. პროცესში მონაწილეობენ საქართველო, რუსეთი და აშშ, ასევე, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობების წარმომადგენლები. დისკუსიების მორიგ რაუნდამდე, როგორც წესი, თანათავმჯდომარეები მოსამზადებელ შეხვედრებს ატარებენ თბილისში, სოხუმსა და ცხინვალში.

ძალის გამოუყენებლობა ჟენევის დისკუსიების მოლაპარაკებების ერთ–ერთი მთავარი საკითხია. საქართველოს უკვე დადებული აქვს ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივი პირობა და ამავეს ითხოვს რუსეთის ფედერაციისგანაც. რუსეთს, რომელიც აცხადებს, რომ კონფლიქტში საკუთარ თავს მხარედ არ მიიჩნევს, სურს, საქართველომ მსგავსი შეთანხმებები ოფიციალურად გააფორმოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან. მსგავსი ინიციატივა ქართული მხარისთვის მიუღებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი