ახალი ამბები

ქეჩოში მინდოდა ხელის მოკიდება და დარბაზიდან გაყვანა — პაპუაშვილი მელიაზე

12 დეკემბერი, 2018 • 3028
ქეჩოში მინდოდა ხელის მოკიდება და დარბაზიდან გაყვანა — პაპუაშვილი მელიაზე

“მე ზურგიდან არასოდეს არავის არ ვეპარები, აქ იყო ჩანაფიქრი სხვა რაღაცა, რომ ადამიანი არ ამთავრებდა ამ რაღაც უხამს ქცევას, მინდოდა ქეჩოში მომეკიდებინა ხელი და დარბაზიდან გამეყვანა”, — ამბობს “ქართული ოცნების” პარლამენტარი ზაზა პაპუაშვილი 12 დეკემბერს პარლამენტში ნიკა მელიასთან დაპირისპირების შესახებ.

“უკან მივეპარე არა ის, ცხოვრებაში არავის არ მივპარვივარ”, — დასძინა პაპუაშვილმა.

12 დეკემბერს პარლამენტის სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირებაში მონაწილეობდა ზაზა პაპუაშვილიც. “საჩხუბარი მოედანიც კი არ არის, კაცმა რომ იჩხუბოს ნორმალურად,” – თქვა მან.

იმავე საღამოს ტვ “პირველზე” ნინო ჟიჟილაშვილის გადაცემა “პოლიტმეტრში” პაპუაშვილმა თქვა, რომ არ ელოდა დღეს პარლამენტში მოვლენების ასე განვითარებას.

პაპუაშვილმა “ბოლშევიკები” უწოდა “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს და თქვა, რომ პარლამენტში ისინი “დებოშის ასატეხად” დადიან. “აღმოჩნდები იმ მდგომარეობაში, რომ ვეღარ შეიკავებ თავს ასეთი პათოლოგიური, აღვირახსნილობის წინაშე… საკმაოდ დიდხანს არ ჩავები ამ სიტუაციაში, მაგრამ აი, ნუ სკოლაც მოვაირე, ბავშვობაც, ბიჭობაც, დიდობაც, მაგრამ 54 წლის ასაკში ასეთ გაუგონარ სიტუაციაში ვვარდები ხოლმე”.

პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა ირმა ინაშვილმა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნიკა მელიამ ერთმანეთი გალანძღეს.

“ერთხელ ჩხუბი ჯობია, მე მგონი, და მართლა უნდა დაგილეწოთ ყველას თქვენ თავ-ყბა”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

აღნიშნული რეპლიკის შემდეგ სიტუაცია დაიძაბა. დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და დარბაზი დატოვეს, თუმცა სხდომა რამდენიმე წუთში განახლდა.

ნახეთ ასევე:

ირმა ინაშვილი: მე ვარ ქალი და კაცზე ხელს არასდროს ავწევ

ინტერნეტის ხუმრობები პარლამენტში გამართულ მორიგ ჩხუბზე

მასალების გადაბეჭდვის წესი