ახალი ამბები

ჩემი ქმედება არ შეესაბამებოდა პარლამენტარის ეთიკას – ოთო კახიძემ ბოდიში მოიხადა

18 მარტი, 2019 • 1931
ჩემი ქმედება არ შეესაბამებოდა პარლამენტარის ეთიკას – ოთო კახიძემ ბოდიში მოიხადა

ევროპული საქართველოს დეპუტატმა, ოთო კახიძემ, ქართული ოცნების დეპუტატ ირაკლი (დაჩი) ბერაიასთან მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებიდან რამდენიმე წუთში საზოგადოებას ბოდიში მოუხადა. მან განმარტა, რომ მისი ქმედება არ შეესაბამებოდა პარლამენტის წევრის ეთიკას.

“მე შენიშვნა გამოვთქვი რეგლამენტის დარღვევით წარმოებულ პროცედურაზე და მივმართე კომიტეტის თავმჯდომარეს, რის შემდეგაც ჩემმა კოლეგამ, ბატონმა ირაკლი ბერაიამ თავს უფლება მისცა და არაკორექტულად მომმართა, რაზეც გავეცი პასუხი. ჩემი აზრით, ჩემი ქმედება არ შეესაბამებოდა პარლამენტის წევრის ეთიკას და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას – მაყურებელს, ვინც ამას თვალყური ადევნა. უბრალოდ, ზოგჯერ თავის შეკავება არც ისე ადვილია, თუმცა ჩემს ქმედებას ეს მაინც არ ამართლებს”, – განაცხადა ოთო კახიძემ.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის თქმით, ყველასთვის ნათელია და კადრებზეც დაფიქსირებულია, რომ ეს ინციდენტი მას არ წამოუწყია. ოთო კახიძის თქმით, მხოლოდ პასუხი გასცა კოლეგის არაკორექტულ შეფასებას, რომელიც მისმა რეპლიკამ გააღიზიანა:

“პროცედურის მიხედვით, დეპუტატების მხირდან შეფასებები განისაზღვრა ბოლოში. ბატონმა ბერაიამ ეს შეთანხმება დაარღვია. თავმჯდომარეს მივმართე, რომ თუ ბერაიას ექნებოდა აზრის გამოთქმის შესაძლებლობა, მაშინ სხვა დეპუტატებსაც იგივე შესაძლებლობა მისცემოდათ. ამან გააღიზიანა ჩემი კოლგა და გადაწყვიტა, რომ გარკვეული შეურაცხმყოფელი ეპითეტით მოემართა ჩემთვის, რაც არ მოვითმინე და საკადრისი პასუხი გავეცი, თუმცა ეს პასუხი მაინც არ იყო ეთიკური და ბოდიშს ვუხდი დამსწრე საზოგადოებას”.

  • დღეს, 18 მარტს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ქართული ოცნებისა და ევროპული საქართველოს დეპუტატები, ირაკლი (დაჩი) ბერაია და ოთო კახიძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
  • კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტი უმცირესობის ინიცირებულ კანონპროექტს განიხილავდნენ, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებს ეხება.

ვიდეო:

პარლამენტში ქართული ოცნების და ევროპული საქართველოს დეპუტატებმა იჩხუბეს [ვიდეო]

მასალების გადაბეჭდვის წესი