ახალი ამბები

ირმა ინაშვილი: მე ვარ ქალი და კაცზე ხელს არასდროს ავწევ

12 დეკემბერი, 2018 • 3988
ირმა ინაშვილი: მე ვარ ქალი და კაცზე ხელს არასდროს ავწევ

“მე ვარ ქალი და მე კაცზე ხელს არასდროს არ ავწევ”, – უთხრა საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ირმა ინაშვილმა ტელეკომპანია “იმედს”  დღეს, პარლამენტში ნიკა მელიასთან დაპირისპირების შემდეგ. ინაშვილის თქმით,  მელიას საკუთარ კაბინეტში ეპატიჟებოდა და უხერხულია იმაზე საუბარი, რომ ენმ-ის დეპუტატს ცემას უპირებდა:

“მე რომ არ შემხებოდა ბატონი მელია, მე მას პასუხს არ გავცემდი. ვინაიდან შემეხო, პასუხიც გავეცი. მე მივედი და პირადად ვეუბნებოდი, პატივი ეცა საკუთარი თავისთვის, გაჩუმებულიყო და მოეცა ჩემთვის ჩემი განცხადების გაკეთების საშუალება. ამას ვეუბნებოდი ბატონ მელიას და როცა ვუთხარი – გამოდი გარეთ,  ვეპატიჟებოდი, სიმართლე გითხრათ, ჩემს კაბინეტში, ამ შენობაში, მეოთხე სართულზე და პირისპირ მინდოდა მასთან საუბარი, სულ ეს იყო. უტრირებაა, რომ მე ნიკა მელია უნდა მეცემა, უხერხულია ამაზე ლაპარაკი, მე ვარ ქალი და მე კაცზე ხელს არასდროს არ ავწევ”, – თქვა დეპუტატმა ტელეკომპანია “იმედთან”.

დღეს, 12 დეკემბერს გამართულ პარლამენტის სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა ირმა ინაშვილმა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნიკა მელიამ ერთმანეთი გალანძღეს.

შელაპარაკების შემდეგ ირმა ინაშვილმა თავისი ადგილი დატოვა და ნიკა მელიას მიუახლოვდა. ვიდეოში არ ისმის, რის შესახებ საუბრობენ დეპუტატები, თუმცა ჩანს, რომ ინაშვილმა მელიას წინ დალაგებული ფურცლები აიღო და მიმოფანტა, შემდეგ კი სკამს ჰკრა ხელი.

“ერთხელ ჩხუბი ჯობია, მე მგონი, და მართლა უნდა დაგილეწოთ ყველას თქვენ თავ-ყბა”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

აღნიშნული რეპლიკის შემდეგ სიტუაცია დაიძაბა. დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და დარბაზი დატოვეს, თუმცა სხდომა რამდენიმე წუთში განახლდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი