ვალების განულების ვებგვერდი გაშვებას აგვიანებს

ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანისთვის ვადაგადაცილებული სესხის ჩამოწერასთან დაკავშირებული საიტი 18:00 საათზე უნდა ამუშავებულიყო, თუმცა, ჯერჯერობით დამუშავების პროცესშია. ფინანსთა სამინისტროში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ვებგვერდი წუთი-წუთზე ჩაირთვება. აღნიშნული საიტის დომენის მფლობელია “ქართუ”.

როგორც დღევანდელ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განმარტა, ფინანსურ ინსტიტუტებთან მოლაპარაკებები გრძელდება და ამ ვებგვერდზე არსებულ ბაზას ყოველდღიურად დაემატებიან ადამიანები.

“მე განვაცხადე, რომ წლის ბოლომდე მოხდებოდა ჩვენი მოქალაქეების ამოღება ე.წ შავი სიიდან. დღეს საღამოს, 6 საათზე გაეშვება ვებ-გვერდი, სადაც ჩვენი მოქალაქეების ნაწილი დარეგისტრირებას შეძლებს. ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ რამდენიმე მსხვილ ორგანიზაციაზე. კერძოდ, დღეს და ხვალ აიტვირთება ბაზები, სადაც წარმოდგენილი იქნებიან საქართველოს ბანკის, ლიბერთი ბანკისა და თიბისი ბანკის მომხმარებლები,” – აცხადებს ბახტაძე.

19 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ დაახლოებით 600 ათას მოქალაქეს ვადაგადაცილებული სტატუსის მქონე სესხი ჩამოეწერება. ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სესხის ჩამოწერა მხოლოდ იმ ადამიანებს შეეხებათ, ვისი კრედიტის ძირი თანხა არ აღემატება 2 ათას ლარს. ამ სესხების საერთო მოცულობა დაახლოებით 1.5 მილიარდ ლარს შეადგენს.

ამასთან, ფინანსთა სამინისტრო ვერ აზუსტებს, თუ რეალურად რა თანხას ხარჯავს ფონდი “ქართუ” ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანის ვალების გასანულებლად. სამინისტროს თანახმად, ეს “ქართუსა” და საფინანსო ორგანიზაციებს შორის მოლაპარაკების საკითხია.

19 ნოემბერს ივანე მაჭავარიანმა თქვა, რომ 3 დეკემბრისთვის მზად იქნება სპეციალური ვებსაიტი, საიდანაც მოქალაქეები შეძლებენ გაგებას, სესხების ჩამოჭრა მათ შეეხებათ თუ არა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.