ახალი ამბები

1.5 მილიარდის ღირებულების სესხების ჩამოწერა ქართუს 38 მლნ დაუჯდა

13 ივლისი, 2020 • 2928
1.5 მილიარდის ღირებულების სესხების ჩამოწერა ქართუს 38 მლნ დაუჯდა

ბიძინა ივანიშვილის საქველოქმედო ფონდმა “ქართუმ” ე.წ. ვალების ჩამოწერის პროგრამაზე 37 517 409 ლარი დახარჯა. მთავრობა ამბობდა, რომ ამ სესხების საერთო მოცულობა დაახლებით 1.5 მლრდ ლარს შეადგენდა.

ინფორმაცია “ქართუს” ხარჯებისა და შემოსავლების შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ გამოითხოვა. ამ დოკუმენტებს შორის არის “ქართუს” 2018 წლის “ფინანსური ანგარიში მიღებული შემოსავლების შესახებ, წყაროებისა და გაწეული ხარჯების მიზნობრიობის მითითებით”.

ამ დოკუმენტის ბოლო გვერდზე ვკითხულობთ, რომ ვალების ჩამოწერის პროგრამა “ქართუს” 37 517 409 ლარი დაუჯდა. სულ კი ამ წელს პროექტებში ფონდმა 119 747 950 ლარი დახარჯა.

გარდა ვალების ჩამოწერის პროგრამისა, დოკუმენტის თანახმად, “ქართუმ” არაერთი რამდენიმემილიონიანი პროექტი დააფინანსა.

მაგალითად, “ქონების დაგროვებისა და სხვა საგრანტო პროგრამების” ფარგლებში სამშენებლო ტექნიკის შეძენა ფონდს 7 240 700 ლარი დაუჯდა, თბილისში ველობილიკების მშენებლობა – 1 400 800 ლარი, ხოლო ჩაქვში გზის რეაბილიტაცია – 2 278 400 ლარი. დოკუმენტების თანახმად, “ქართუმ” 2018 წელს ისტორიული ძეგლების რესტავრაციისთვის 9 000 000 ლარი გამოყო, ხოლო ხელოვნების დამსახურებულ მუშაკთა სოციალური დახმარებისთვის  – 3 006 000 ლარი.

ამავე დოკუმენტში ასევე საუბარია ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის პროექტზეც, რომლის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებისთვის “ქართუმ” 5 604 600 ლარი გამოყო.


2018 წლის 19 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ დაახლოებით 600 ათას მოქალაქეს ვადაგადაცილებული სტატუსის მქონე სესხი ჩამოეწერებოდა. ფინანსთა სამინისტროში აცხადებდნენ, რომ სესხის ჩამოწერა მხოლოდ იმ ადამიანებს შეეხებოდათ, ვისი კრედიტის ძირი თანხა არ აღემატებოდა 2 ათას ლარს. ამ სესხების საერთო მოცულობა დაახლოებით 1.5 მილიარდ ლარს შეადგენდა.

ვიმედოვნებ, სამომავლოდ ასეთი რაღაც არ დაგვჭირდება – მაჭავარიანი ვალების განულების პროექტზე

მასალების გადაბეჭდვის წესი