ახალი ამბები

კობახიძის თქმით, II ტურამდე ვალები ოპოზიციის მოწოდების გამო გაანულეს

11 ივნისი, 2019 • 1606
კობახიძის თქმით, II ტურამდე ვალები ოპოზიციის მოწოდების გამო გაანულეს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” 2018 წელს ვალების განულების პროგრამის დაანონსებას საპრეზიდენტო არჩევნების II ტურის წინ არ აპირებდა, თუმცა იძულებული გახდა ეს გაკეთებინა, რადგან გაერთიანებულმა ოპოზიციამ გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენა.

მისი თქმით, II ტურის წინ ენმ-ის შტაბმა ჭორის სახით არასწორი ინფორმაცია მიიღო, რომ არჩევნების დროს მმართველი გუნდი პროგრამის დაანონსებას აპირებდა და ოპოზიციამ ინიციატივის წართმევა, ასევე, იდეის პროპაგანდის მიზნით გამოყენება სცადა.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების ანგარიშში ეს პროგრამა ნეგატიურად შეფასდა, სინამდვილეში კი მას ამომრჩევლის მოსყიდვასთან კავშირი არ ჰქონია.

“ხმების ყიდვა [ეუთო/ოდირის ანგარიშში] ეწერა ვალების განულებასთან დაკავშირებით. კონტექსტი ხომ უნდა განვიხილოთ. მერე ვესაუბრებოდით ჩვენს უცხოელ პარტნიორებს და განვიხილეთ ეს საკითხი. არავის არ ახსოვს, იქ რა მოხდა ამასთან დაკავშირებით.

ეს პროექტი [ვალების განულება] განიხილებოდა და ამის თაობაზე დააანონსა მამუკა ბახტაძემ რამდენიმე თვით ადრე, საერთოდ არ იყო მაშინ არჩევნები.

ნაცმოძრაობის ოფისს მიუვიდა ჭორი იმის შესახებ, რომ ჩვენ ამის დაანონსებას ვაპირებდით პირველი ტურის შემდეგ, კონკრეტულ დღეს, რაც არასწორი ინფორმაცია იყო, თუმცა მათ ეს მიუვიდათ. მეორე დღეს ჩაატარა ბრიფინგი მათმა პრეზიდენტობის კანდიდატმა ლიდერებთან ერთად და გამოაცხადა, აბა, თუ ბიჭები ხართ, ხვალ ვალები გაანულეთო. მეორე დღეს გამოვიდა მამუკა ბახტაძე და თქვა, ბიჭები ვართ და გავანულეთ ვალებიო. მათ რომ ეს განცხადება არ გაეკთებინათ, ამის გაკეთებას არ ვაპირებდით. რაც გვითხრეს, ის გავაკეთეთ. ამ შემთხვევაში  დავუჯერეთ [სააკაშვილს]. გამოუვალ მდგომარეობაში ჩაგვაყენა, რადგან გამოდიოდა, რომ ეს მათი ინიციატივა იყო. ინიციატივის წართმევის მცდელობა ჰქონდათ”, – განაცხადა კობახიძემ ტვ პირველის გადაცემა რეაქციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი