თბილისში ქრთამის აღების ფაქტზე პატრულ-ინსპექტორი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გენერალურმა ინსპექციამ 34 წლის პატრულ-ინსპექტორი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისის ერთ-ერთ მეტროსადგურში მოქალაქე კ.მ. გარკვეული თანხის სანაცვლოდ, საკუთარი სამგზავრო ბარათის გამოყენებით, ტურნიკეტის გავლით, მოქალაქეებს უკანონოდ ატარებდა. აღნიშნული დარღვევის შესახებ ცნობილი გახდა მეტროპოლიტენის საპატრულო პოლიციის თანამშრომლისთვის, რომელმაც მ.კ-ს მფარველობის სანაცვლოდ ქრთამის სახით ყოველ მორიგეობაზე გარკვეული თანხის გადახდა მოსთხოვა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ნ.შ. მიმდინარე წლის 6 დეკემბერს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, მეტროსადგურ ვარკეთილში მორიგი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს“, – აღნიშნულია შს სამინისტროს განცხადებაში.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი