ოპოზიციურმა პარტიებმა საკონსულტაციო საბჭო შექმნეს

ოპოზიციურმა პარტიებმა საკონსულტაციო საბჭო შექმნეს. როგორც გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე “რუსთავი 2″-თან ამბობს, პარტიები სამი მოთხოვნის ირგვლივ ერთიანდებიან.

მათ შორის, შეიცვალოს საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი, გაუქმდეს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა და ამის შემდეგ დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები:

“ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესების ძირეული, ფუნდამენტური სამართლიანობისკენ მიმავალი ცვლა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლა”, – ასე აყალიბებს მოთხოვნებს ვაშაძე.

კონსულტაციები ოპოზიციის საკონსულტაციო საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით დღეს ლეიბორისტული პარტიის ოფისში გაიმართა. ლეიბორისტების ცნობით, მოთხოვნებს მათთან ერთად იზიარებენ  “ძალა ერთობაშიაში” შემავალი პარტიები, ასევე- “ახალი მემარჯვენეები”, პარტია “თავისუფლება”, “რესპუბლიკური პარტია”, “დემოკრატიული მოძრაობა” და “ევროპული საქართველო”.

რაც შეეხება “თავისუფალ დემოკრატებს”, რომლებიც ვადამდელი არჩევნების იდეას მხარს არ უჭერენ, ისინი კონსულტაციებს არ ესწრებოდნენ. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი შალვა შავგულიძე ფიქრობს, რომ პირველ ეტაპზე გაერთიანებულმა ოპოზიციურმა სპექტრმა უნდა მოითხოვოს საარჩევნო სისტემის არსებული მოდელიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლა:

“პროპორციული არჩევნების მოთხოვნა დავაყენოთ, ამის მექანიზმი არსებობს. ეს მექანიზმი ჩვენ შევთავაზეთ და ვთავაზობთ ოპოზიციას, რომ გადავდოთ საკითხი ვადამდელთან დაკავშირებით. ვინაიდან ეს არის სწორედ ის, რაშიც არ არის თანხვედრა ოპოზიციურ სპექტრში, მაგრამ თანხვედრაა იმაში, რომ პროპორციულის გარეშე ვადამდელის მოთხოვნას აზრი არ აქვს. მოდით, მოვითხოვოთ პროპორციული, გავაერთიანიოთ ძალისხმევა, თუ მივაღწევთ შედეგს, მერე მოვუბრუნდეთ ვადამდელის საკითხს. შეიძლება ამან იმდენი დრო წაიღოს, რომ საერთოდ აქტუალური აღარც იყოს ვადამდელის მოთხოვნა,“-ამბობს შალვა შავგულიძე “რუსთავი 2”-თან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.