საზოგადოება

„ლელო“ და ლეიბორისტები დაფინანსებას და უფასო საეთერო დროს დაკარგავენ

15 თებერვალი, 2022 • 1608
„ლელო“ და ლეიბორისტები დაფინანსებას და უფასო საეთერო დროს დაკარგავენ

პარლამენტის მიერ შალვა ნათელაშვილისა და ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შედეგად, „ლეიბორისტული პარტია“ და „ლელო“ საბიუჯეტო დაფინანსებას და ე.წ. კვალიფიციური პარტიებისთვის განკუთვნილ სარგებელს კარგავენ.

რა ხდება?

საქართველოს პარლამენტმა 3 დეპუტატს — ბადრი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილს —  სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა. ელენე ხოშტარია მე-10 მოწვევის პარლამენტში „ევროპული საქართველოს“ სიით მოხვდა, თუმცა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე თვეში პარტია დატოვა და მოძრაობა „დროა“ დააფუძნა. ხოშტარიამ პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა იმ არგუმენტით რომ მანდატი არა მას, არამედ პარტიას ეკუთვნოდა.

შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენები გახდა. ნათელაშვილმა პარლამენტში შესვლა მიმდინარე წლის 10 თებერვალს გადაწყვიტა და მანამდე არცერთ სხდომას არ დასწრებია.

ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი კი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო ხანდაზმულობაგასული მუხლით.

დაფინანსების შეწყვეტა

სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოიყოფა თანხა პარტიების საქმიანობის ფინანსური მხარდაჭერისა და პარტიული სისტემის განვითარებისთვის. საბიუჯეტო დაფინანსებას იღებს პარტია, რომელმაც პარლამენტის ბოლო არჩევნებში ხმების 1% მაინც მიიღო.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ოპოზიციის ბოიკოტის საპასუხოდ, მმართველმა გუნდმა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შეიტანა ცვლილებები, რომლებიც მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან ამოქმედდა. ცვლილებების თანახმად, პარტია კარგავს დაფინანსებას, თუ ამ პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარს ან ნახევარზე მეტს ვადამდე შეუწყდა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება და შეუძლებელია მათი ადგილმონაცვლეების უფლებამოსილების ცნობა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, „ლეიბორისტულმა პარტიამ“ ერთი მანდატი მიიღო. შესაბამისად, შალვა ნათელაშვილისთვის პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენისთვის მანდატის შეწყვეტის შემდეგ, „ლეიბორისტული პარტია“ პარლამენტში წარმოდგენილი არ იქნება.

4 მანდატი მიიღო „ლელომ“, თუმცა მამუკა ხაზარაძეს უფლებამოსილება შეუწყდა პირადი მიმართვის საფუძველზე. ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტის შემდეგ, „ლელო“ პარლამენტში არჩეული წევრების ნახევრით (2 დეპუტატით) იქნება წარმოდგენილი.

შესაბამისად, „ლელო“ და „ლეიბორისტული პარტია“, მათი წარდგენით არჩეული დეპუტატთა ნახევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის გამო, საბიუჯეტო დაფინანსებასაც კარგავენ — „ლელო“ 66 963 ლარს ყოველთვიურად, „ლეიბორისტული პარტია“ — 24 142 ლარს.   

„ლელოს“ და „ლეიბორისტულ პარტიას“ დაფინანსება 1 მარტიდან შეუწყდებათ.

უფასო საეთერო დრო

„ლელო“ და “ლეიბორისტული პარტია“ წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისას საინფორმაციო უზრუნველყოფის უპირატესობებითაც ვერ ისარგებლებენ. კანონის თანახმად, უფასო საეთერო დრო თანაბრად ეძლევათ იმ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს, რომლებმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახეს.

უფასო საეთერო დრო არ ეძლევა იმ პარტიას, რომელიც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის საფუძველზე, არჩევნების დანიშვნის მომენტში საბიუჯეტო დაფინანსებას არ იღებს.

სიების აღდგენა

„ლელო“ და „ლეიბორისტული პარტია“ პარლამენტში ადგილმონაცვლეებს ვერ შეიყვანენ, რადგან საარჩევნო სიები ჩახსნილი აქვთ. სიების ჩახსნის გადაწყვეტილება ოპოზიციურმა პარტიებმა თავად მიიღეს, როდესაც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებდნენ.

„ნაციონალური მოძრაობა” ახლა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩახსნილი პროპორციული სიების აღდგენას ითხოვს. „ქართული ოცნების” წევრ გურამ მაჭარაშვილის თქმით, სიების ჩახსნა ოპოზიციის შეცდომა იყო და ახლა ისინი ცდილობენ, რომ ისრები მმართველი პარტიისკენ გადმოიტანონ.

როგორც ცესკოში, ისე მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ კანონმდებლობით არ არსებობს ჩახსნილი სიების აღდგენის მექანიზმი.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი