პარლამენტსა და მოსამართლეებზე მეტად ხალხი NGO-ებს ენდობა – მართლმსაჯულების კვლევა

CRRC-ის მიერ 30 აგვისტოდან 15 სექტემბერამდე ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ ინსტიტუციებს შორის მოსახლეობის ყველაზე დაბალ ნდობას პარლამენტი იმსახურებს.

კვლევა „სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერის (FAIR)“ პროექტის ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) პარტნიორ ორგანიზაციებთან, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან” (IDFI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან“ (CRRC- საქართველო) ერთად ახორციელებს ევროკავშირის მარდაჭერით.

კვლევის თანახმად, ყველაზე მაღალი ნდობა ამ კუთხით პოლიციას აქვს, მეორე ადგილზე ადვოკატები არიან, მესამეზე- ომბუდსმენი. არასამთავრობო ორგანიზაციების ნდობის მაჩვენებელი პრემიერ-მინისტრის, პროკურატურის, მოსამართლეებისა და პარლამენტის რეიტინგს აღემატება.

სქრინშოტი კვლევიდან

Crrc-ის ცნობით, მთლიანობაში გამოიკითხა 2 080 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს (CAPI – Computer Assisted Personal Interviewing) მეთოდით. შერჩევა წარმომადგენლობითი იყო საქართველოს მოსახლეობისთვის (ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული პუნქტებისა და ოკუპირებული ტერიტორიების გარდა), ასევე, დედაქალაქის, სხვა ქალაქებისა და სოფლების მოსახლეობისთვის. გამოკითხვა ჩატარდა ქართულ ენაზე, ცდომილების მაჩვენებელი ქვეყნის დონეზე 2.2%-ს შეადგენს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com