ახალი ამბები

ნებისმიერი სამართალდარღვევა დაუყოვნებლივ აღიკვეთება — შსს ოპოზიციის აქციაზე

1 დეკემბერი, 2018 • 1448
ნებისმიერი სამართალდარღვევა დაუყოვნებლივ აღიკვეთება — შსს ოპოზიციის აქციაზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 2 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილ აქციაზე დაიცავს იქ შეკრებილი მოქალაქეების უსაფრთხოებას და მართლწესრიგს.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი”, – წერს შსს.

ოპოზიცია მოითხოვს, ვადამდელი არჩევნები პროპორციული ან პროპორციულ-რეგიონული პრინციპით ჩატარდეს. ამ მოთხოვნით გაერთიანებული ოპოზიცია კვირას, 2 დეკემბერს, 15.00 საათზე რუსთაველის გამზირზე მართავს მშვიდობიან აქციას.

პოლიციის ცნობით, რუსთაველის გამზირზე მობილიზებული იქნება საპოლიციო ძალები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში მოახდენენ პატრულირებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული ნებისმიერი სახის შესაძლო პროვოკაცია და დაცული იყოს როგორც აქციის მონაწილეების, ისე რიგითი მოქალაქეების უსაფრთხოება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი