ახალი ამბები

სუს-ის თანამშრომლის დაკავება: რ2-ის სიუჟეტი და უწყების პასუხი

19 ნოემბერი, 2018 • 2969
სუს-ის თანამშრომლის დაკავება: რ2-ის სიუჟეტი და უწყების პასუხი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური “რუსთავი2”-ის ეთერში გასულ იმ სიუჟეტს გამოეხმაურა, რომელიც თაღლითობისათვის დაკავებულ სუს-ის თანამშრომელს ეხებოდა.

სიუჟეტში აღნიშნული იყო, რომ მიმდინარე წლის გაზაფხულზე საქართველოში ინტერპოლის მიერ ძებნილი რუსეთის მოქალაქეები, ძმები ალექსანდრე და ვლადიმირ გლუშკოვები შემოვიდნენ, რომელთაც რუსეთის ხელისუფლება თაღლითობასა და ქრთამის აღებას ედავება.

ტელეარხი წყაროზე დაყრდნობით ირწმუნება, რომ ძმები საქართველოს ტერიტორიაზე 6 თვე თავისუფლად გადაადგილდებოდნენ და ამისათვის თანხასაც იხდიდნენ, თუმცა აღნიშნული პერიოდის შემდეგ, რ2-ის ცნობით, “თანხის გადახდაზე უარის თქმის შემდეგ”, სახელმწიფომ ისინი დააკავა.

“რუსთავი2” იუწყება, რომ ძმების დაკავების შემდეგ მათი გათავისუფლების პირობით, სუს-ის უკვე ყოფილი თანამშრომელი ერთ-ერთი მათგანის ცოლს შეხვდა და $300 000 გამოართვა. ტელეკომპანიის ცნობით, სქემაში პროკურატურის მაღალჩინოსნები იყვნენ გარეულნი.

საპასუხოდ, სუს-ი აღნიშნავს, რომ სიუჟეტში “საზოგადოებას არაერთი მცდარი ინფორმაცია მიეწოდა” და იუწყება, რომ უწყების უკვე ყოფილი თანამშრომელი”სიუჟეტის ეთერში გასვლამდე გაცილებით ადრე, 2018 წლის 2 ოქტომბერს” დააკავეს. სუს-ის ცნობით, დაკავებულია მისი ადვოკატიც.

“საზოგადოების ინფორმირების მიზნით აღნიშნული პირების დაკავების თაობაზე ვავრცელებთ დამატებით ინფორმაციას. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობის ჩადენის ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ოთარ გ. და ადვოკატი ირაკლი გ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ოთარ გ. და ირაკლი გ. წინასწარი შეთანხმებით დაუკავშირდნენ რუსეთის ფედერაციის მიერ ძებნილი, ამჟამად საექსტრადაციო პატიმრობაში მყოფი ორი პირის ნათესავს და თითქოსდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და პროკურატურის მეშვეობით,მათი პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ მოსთხოვეს დიდი ოდენობის თანხის გადახდა.

2018 წლის 2 ოქტომბერს, აღნიშნული პირები მოტყუებით დაეუფლნენ ფულადი თანხის ნაწილს-10 000 აშშ დოლარს, რა დროსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ისინი ბრალდებულის სახით დააკავეს”, – აცხადებს უწყება.

განცხადების მიხედვით, გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თაღლითობის მუხლით მიმდინარეობს.

“ნეტგაზეთის” კითხვას, რატომ აქამდე არ გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სასამხურმა ცნობები უწყების თანამშრომლისა და მისი ადვოკატის დაკავებაზე, უწყებამ ასე უპასუხა:

“კონკრეტული ინფორმაციის საჯაროდ გამოქვეყნების თაობაზე, გადაწყვეტილება მიიღება გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე”.

მასალების გადაბეჭდვის წესი