ბაქოში ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები დააკავეს

17 ნოემბერს ბაქოში დააკავეს ორი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი — “სახალხო ფრონტის” ლიდერი ალი ქერიმლი და “დემოკრატიულ ძალთა ეროვნული საბჭოს” წევრი ჯამილ ჰასანლი. ასევე დააკავეს რამდენიმე ათეული აქტივისტი.

“ნიუ-იორკ ტაიმზის” თანახმად, ჰასანლი და ქერიმლი იმ დროს დააკავეს, როდესაც აწყობდნენ მსვლელობას ბაქოში მდებარე ეროვნული სასაფლაოსკენ — “წამებულთა ხეივნისკენ”.


“წამებულთა ხეივანი” სსრკ-დან აზერბაიჯანის გამოყოფისას და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა პატივსაცემი მემორიალია.

ოპოზიციის ლიდერებმა პროცესია 17 ნოემბრის ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნად დაგეგმეს. 1992 წელს შექმნილი დღესასწაული, რომელსაც “ეროვნული აღორძინების დღეს” უწოდებენ, აზერბაიჯანის საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის გამოცხადებას უკავშირდება.

ალი ქერიმლის 12 წელიწადზე მეტია, რაც ქვეყნის დატოვება აკრძალული აქვს. ქერიმლი აზერბაიჯანში ის იშვიათი ოპოზიციური ლიდერია, რომელიც მწვავედ აკრიტიკებს აზერბაიჯანის მმართველ რეჟიმს.

რადიო თავისუფლების აზერბაიჯანულენოვანია სამსახურის ბოლო ინფორმაციით, ჯამილ ჰასანლი გაათავისუფლეს, ალი ქერიმლი და მსვლელობის 10-მდე მონაწილე კი კვლავ პოლიციის განყოფილებაში რჩებიან.

ალი ქერიმლი (მარცხნივ). ფოტო: რადიო თავისუფლება

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლუკა პერტაია მუშაობდა ნეტგაზეთის რეპორტიორად 2016 წლის მაისიდან 2017 წლის 31 იანვრამდე. 2017-18 წლებში მუშაობდა OC Media ში რეპორტიორად. 2018 წლის 1 სექტემბრიდან ის კვლავ ნეტგაზეთის რეპორტიორია.