ირაკლი ოქრუაშვილი მეორე ტურში მხარს ვაშაძეს დაუჭერს

ირაკლი ოქრუაშვილმა დაადასტურა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმას გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს მისცემს.

TV პირველის გადაცემა “რეაქციაში” საუბრისას ოქრუაშვილმა აღნიშნა, რომ ეს არჩევანი “მორალურად ურთულესი” იქნება, თუმცა მოსახლეობამ მხარი უნდა დაუჭიროს ცვლილებას.

“…ასეთი რთული არჩევანი დამოუკიდებლობის შემდეგ ალბათ 2-3-ჯერ გვქონდა, მეტი არა…ეს არჩევანი არის მორალურად ურთულესი იმიტომ, რომ გრიგოლ ვაშაძე ასოცირდება ჩვენთვის რთულად გასახსენებელ მომენტებთან. მეორე მხარეს არის ქალბატონი, რომელიც შორს არის ჩვენი იდენტობისგან, იმ ხასიათისგან, რაც ქართველებს გაგვაჩნია.

…თუ გინდა, რომ ამ ჭაობიდან ამოსვლის პერსპექტივა გავაჩინოთ, უნდა დავუჭიროთ მხარი ცვლილებას. ჩემთვის ცვლილება არის მათი საწინააღმდეგო. მე ამ არჩევნებზე წავალ, ხმას მივცემ ივანიშვილის და ზურაბიშვილის წინააღმდეგ და ეს წინააღმდეგ ტოლობის ნიშანი იქნება გრიგოლ ვაშაძის სახით.

ამას ვამბობ როგორც რიგითი მოქალაქე. არ ვარ პოლიტიკური ამბიციის მატარებელი ადამიანი. ეს იქნება ჩემი იძულებითი არჩევანი, რომელიც დაგვიტოვა ბიძინა ივანიშვილმა”, – აღნიშნა მან.

ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, მოქალაქეებს ილუზია არ უნდა ჰქონდეთ იმისა, რომ მესამე ძალა არსებობს, თუმცა ეს პერსპექტივა “გაჩნდება იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილი წააგებს ამ არჩევნებს.

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე “ნაციონალური მოძრაობის” დროს მინისტრთა კაბინეტის წევრსა და შემდგომ პარტიასთან დაპირისპირებულ ირაკლი ოქრუაშვილს  3 ნოემბერს შეხვდა.

ვიდეოჩანაწერის მიხედვით, რომელიც ოპოზიციური კოალიციის “ძალა ერთობაშია” ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა, შეხვედრა ოქრუაშვილის სახლში შედგა. ოქრუაშვილის შეფასებით, “ქვეყანა ჩიხშია”, ვაშაძეს კი მეორე ტურში წარმატებას უსურვებს.

რა აკავშირებს ირაკლი ოქრუაშვილს “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებასთან?

ირაკლი ოქრუაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს მინისტრთა კაბინეტის წევრი იყო: 2004 წელს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა, 2004-2006 წლებში- თავდაცვის, 2006 წლის 10 ნოემბერს  კი ეკონომიკური განვითარების მინისტრი გახდა, თუმცა პოსტი 1 კვირაში დატოვა.

2007 წლის სექტემბერში მან ექსპრეზიდენტი სააკაშვილი ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში დაადანაშაულა, მათ შორის იყო მკვლელობების შეკვეთა. ამ განცხადებებიდან ორი დღის შემდეგ ოქრუაშვილი მისი ახლად შექმნილი პარტიის ოფისში დააკავეს.

დაკავებიდან 2 კვირის შემდეგ მან უარყო მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გახმიანებული ბრალდებები და ბრალი აღიარა. ყოფილი მინისტრი გაათავისუფლეს და ქვეყნიდან დეპორტით გააძევეს, რის შემდეგაც პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო საფრანგეთში და იქ ცხოვრობდა 2012 წლამდე. წლების მანძილზე ის “ნაციონალურ მოძრაობას” უპირისპირდებოდა და აცხადებდა, რომ აღიარებითი ჩვენება იძულებით მიაცემინეს.

2012 წლის ნოემბერში ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში დაბრუნდა, სადაც დააკავეს და გლდანის ციხეში გადაიყვანეს, თუმცა მომდევნო წლის იანვარში სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

შემიძლია, პირადული დავივიწყო – ოქრუაშვილი ვაშაძეს საკუთარ სახლში შეხვდა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან