“იმედი” შეეცდება, “რ2-ის” გავრცელებულ დეზინფორმაციას სწორი ინფორმაცია დაუპირსიპიროს – ირაკლი რუხაძე

ტელეკომპანია “იმედის” სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი რუხაძის თქმით, “ტელეიმედის” საგანგებო რეჟიმზე გადასვლის მიზანია, “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას სწორი ინფორმაცია დაუპირისპიროს და ეს ბევრად უფრო კარგად გააკეთოს, ვიდრე აქამდე.

ამის შესახებ რუხაძემ “რუსთავი 2”-ს განუცხადა 4 ნოემბერს ვერის ბაღში გამართულ “ნაციონალური მოძრაობისა” და მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო აქციაზე. რუხაძის თქმით, აქციაზე მივიდა იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილს უჭერს მხარს.

რუხაძის თქმით, საგანგებო რეჟიმზე გადასვლის თაობაზე “იმედის” განცხადების აუცილებლობა დადგა “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პოზიციიდან გამომდინარე.

“ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს. ჯერ სალომეს წავაგებინებ და მერე მოგიბრუნდებითო. ჩვენ დაგვემუქრა, რომ ყველას უნდა მოგვიბრუნდეს. ამას, რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ. [იმედის] განცხადება მხოლოდ იმიტომ გაკეთდა, რა განცხადებაც გააკეთა ნიკა გვარამიამ. თქვენი საქმე არ არის, მე რას გავაკეთებ. გავაკეთებ იმას, რაც საჭიროა. არხი შეეცდება, რომ დეზინფორმაციას, რომელსაც ავრცელებს “რუსთავი 2″, დაუპირისპიროს ნორმალური, სამართლიანი და სწორი ინფორმაცია. და საგანგებო რეჟიმი ნიშნავს იმას, რომ ეს უნდა გავაკეთოთ ბევრად უფრო კარგად, ვიდრე აქამდე ვაკეთებდით. აქამდე იმდენ დროს არ ვუთმობდით, დაბალნსებული ბადე გვქონდა. ახლა ეს ბადე გართობიდან უფრო ახალი ამბებისკენ გადაინაცვლებს”, – განაცხადა რუხაძემ.

“იმედმა” წინასაარჩევნოდ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადასვლის შესახებ განაცხადა. “იმედის” ვებ-საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ტელეკომპანიამ და მისმა მფლობელებმა საკუთარ თავზე იწვნიეს, რას ნიშნავს ხელისუფლებაში “ნაციონალური მოძრაობა” და ამიტომ “იმედი” წინასაარჩევნოდ ცვლის საეთერო ბადეს და იმუშავებს “იმისთვის, რომ არ დაბრუნდეს რეჟიმი”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი