აჭარაში კარიერის აფეთქებისას დაღუპული ბავშვის საქმეზე სამი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფეთქებადი ნივთიერების წესების დარღვევით გამოყენების ფაქტზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1990 წელს დაბადებული მ.ჯ., 1975 წელს დაბადებული ჰ.ქ. და 1987 წელს დაბადებული ზ.ჩ.

როგორც უწყება აცხადებს, მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს ქედის რაიონის სოფელ ჭინკაძეებში, შპს “სტრუიკგრუპ ჯორჯიას”  ქვეკონტრაქტორი შპს “ალბაირაქისა” და შპს “დინამიტი-ლ.დ-ს” თანამშრომლები, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, უკანონოდ და უსაფრთხოების წესების დარღვევით აწარმოებდნენ ბურღვა-აფეთქებითსამუშაოებს.  ძლიერი  აფეთქების შედეგად გასროლილი ქვა თავის არეში მოხვდა 2012 წელს დაბადებულ ბავშვს, რომელიც მიყენებული დაზიანების გამო ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 244-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ფეთქებადი ნივთიერების წესების დარღვევით გამოყენებას  გულისხმობს. გამოძიების პროცესში მტკიცებულებების მოპოვების შედეგად, როგორც შსს აცხადებს, შესაძლოა გამოიკვეთოს სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხი.

ბავშვი, რომელიც დაიღუპა, კარიერისგან რამდენიმე ასეულ მეტრში, ბიძის სახლში, ეზოში თამაშობდა.

6 წლის ბიჭი ეზოში თამაშობდა, როცა კარიერზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.