ახალი ამბები

GPB ტექნიკური გადაიარაღებისთვის 45 მლნ. ლარის სესხს იღებს

31 ოქტომბერი, 2018 • 2416
GPB ტექნიკური გადაიარაღებისთვის 45 მლნ. ლარის სესხს იღებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მენეჯმენტს 45 მილიონი ლარის ოდენობით სესხის აღების უფლება მისცა ტექნიკური გადაიარაღებისთვის.

როგორც “ნეტგაზეთს” სამეურვეო საბჭოს წევრმა ქეთევან მსხილაძემ უთხრა, ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებრივ მაუწყებელში დიდი ხანია მიდის მსჯელობა და სხვადასხვა ვარიანტს განიხილავდნენ:

“ამაზე ჩვენ ადრეც ვსაუბრობდით. სხვადასხვა სცენარზე იყო საუბარი. მაგალითად [ერთი ვერსია იყო], რომ გავაგრძელოთ მუშაობა, რაც არის, იმ რესურსებით და მხოლოდ ის შევცვალოთ, რაც უკვე აღარ მუშაობს. მეორე ვარიანტი იყო, მთლიანად გადაგვეიარაღებინა ტექნიკა. საბოლოო ჯამში, პრინციპში, ბორდის წინა შემადგენლობაც ასე ფიქრობდა, რომ ჯობია ყველაფერი ერთად გამოვცვალოთ”, – ამბობს მსხილაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისი თქმით, სრული ტექნიკური გადაიარაღებისთვის რამდენიმე სცენარი განიხილეს და საბოლოოდ სესხის აღებაზე შეჯერდნენ:

სამეურვეო საბჭოს წევრის თქმით, სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, კონსულტაციები მაუწყებლის ტექნიკურ და ფინანსურ დირექტორთან გაიარეს და დეტალურად გამოიკვლიეს ყველა ის პრობლემა, რომლის წინაშეც ტელეკომპანია ტექნიკური თვალსაზრისით დგას:

“მენეჯმენტმა შემოიტანა გეგმა თავის დროზე, რა თანხის აღებას აპირებს, როგორ დაიხარჯება ეს თანხა და როგორ მოხდება მისი დაფარვა. გვყავს ჩვენი ფინანსური კონსულტანტი, რომელმაც ეს ყველაფერი შეისწავლა. კონსულტაცია არ დაგვიკლია საბჭოს წევრებს ამ საკითხთან დაკავშირებით. ამიტომ მივედით სააერთო გადაწყვეტილებამდე, რომ ნამდვილად საჭიროა”, – ამბობს მსხილაძე.

სამეურვეო საბჭოს წევრი სესხის პირობების შესახებ არ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ მაუწყებელმა შეთავაზება სესხზე ორი ბანკისგან მიიღო და მათგან უკეთესი პირობების მქონე შეარჩიეს:

“ზოგადად გეტყვით, რომ ორი ბანკისგან იყო შემოთავაზება. თავიდან, წესისამებრ, ყველას დაეგზავნა წინადადება. ამ ორი ბანკიდან შერჩეულია ის ერთი, რომელსაც აქვს უკეთესი პირობები. შეიძლება ვთქვათ, პროცენტში დიდი სხვაობა არ იყოს, მაგრამ პატარა სხვაობაც თანხობრივად დიდ შედეგს გვაძლევს. პროცენეტები არის ის, რაც ბაზარზეა, და საზოგადოებრივი მაუწყებლის მომავალი დაფინანსების გათვლების მიხედვით, მშპ-ს ზრდის პროგნოზის მიხედვით დაიფარება და პრობელმა არ უნდა იყოს”, – ამბობს მსხილაძე “ნეტგაზეთთან”.

ქეთევან მსხილაძის თქმით, ბორდმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს მემორანდუმის გაფორმების უფლება მისცა, რაც სესხის აღების პირველი ეტაპია.

მასალების გადაბეჭდვის წესი