წულუკიანმა ეკა გიგაური 7 ნოემბრის აქციის დაშლაში სავარაუდო მონაწილეობაში დაადანაშაულა

კოპენჰაგენში მიმდინარე საერთაშორისო ანტიკორუფციულ კონფერენციაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” თავმჯდომარე ეკა გიგაური დაადანაშაულა, რომ მან სავარაუდოდ წვლილი შეიტანა 2007 წლის 7 ნოემბრის მშვიდობიანი აქციის დაშლაში.

წულუკიანის თქმით, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები ამას დოკუმენტებით ხელში ამტკიცებენ, თუმცა ეკა გიგაური კითხვებზე პასუხის გასაცემად სასამართლოში არ გამოცხადებულა. ამასთან, წულუკიანმა არასამთავრობო სექტორში არსებულ “შიდა დაპირისპირებაზე” ისაუბრა.

წულუკიანის განცხადება “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წევრის, გიორგი ონიანის კრიტიკას მოჰყვა. ონიანმა თქვა, რომ ღია მმართველობის პროცესმა საქართველოში სრული კრახი განიცადა. ასევე აღნიშნა, რომ მმართველი პარტია, იუსტიციის მინისტრის ჩათვლით, თავს ეხსმის სამოქალაქო სექტორს საქართველოში.

თეა წულუკიანის თქმით, არასამთავრობო სექტორს ყველანაირი პირობა აქვს შექმნილი საქართველოში საქმიანობისთვის.

“საქართველოს ძალიან მრავალფეროვანი სამოქალაქო საზოგადოება ჰყავს. თუ თქვენ ჩამოხვალთ საქართველში, შეგიძლიათ, არასამთავრობო ორგანიზაცია 2 საათში, ყველანაირი ბარიერის გარეშე დააფუძნოთ. სამწუხაროდ, ახლა ჩვენ აღმოვჩნდით სიტუაციაში, როცა ერთი ორგანიზაცია მთელი არასამთავრობო სექტორის სახელით ლაპარაკობს და შემდეგ ამის გამო საკუთარივე კოლეგების კრიტიკის ობიექტი ხდება. თუმცა ეს შიდა დაპირისპირება არასამთვრობო ორგანიზაციებს შორის აქ განხილვის საგანი არ არის. ბატონი [გიორგი] ონიანის აქ დასწრება ადასტურებს, რომ სამოქალაქო სექტორი საქართველოში ძალიან ძლიერია. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ გავლენიანი იყვნენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ასევე თავისუფლად გადაკვეთონ საზღვარი და დანიამდე გამოედევნონ იუსტიციის მინისტრს”, – განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა როლი ჰქონდა პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს, რომელიც ახლა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ხელმძღვანელია, წინა ხელისუფლების დროს მშვიდობიანი მანიფესტაციის დაშლაში.

“როგორც ფრანგული განათლებამიღებულ ადამიანს, მასწავლეს, რომ ყველა შეკითხვას პასუხი სამ ნაწილად უნდა გაეცეს. მე ორ ნაწილად გავცემ პასუხს ამ შეკითხვას. მეორე ნაწილი არის ის, რომ თავს შევიკავებ უფრო ღრმად საუბარში შესვლისგან, რადგან ცოტა ხნის წინ საქართველოში ძალიან დიდი სამოქალაქო სკანდალი იყო „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ უფროსის ირგვლივ, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანია. ყოფილი ხელისუფლების დროს და ჩვენი საზოგადოების ჯგუფებმა მათ ხელთ არსებული დოკუმენტებით აჩვენეს, რომ მას შესაძლოა ხელი შეეწყო 2007 წლის 7 ნოემბრის მშვიდობიანი მანიფესტაციის დაშლისთვის. ახლა საქმისწარმოება გრძელდება სასამართლოში, სადაც იგი არის მოსარჩელე და დღემდე უარს ამბობს სასამართლოში გამოცხადებაზე პასუხის გასაცემად”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

გიორგი ონიანმა, თავის მხრივ, იუსტიციის მინისტრი სიცრუეში დაადანაშაულა და თქვა, რომ მისი განცხადება სამარცხვინოა.

თეა წულუკიანის გამოსვლას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა თავად ეკა გიგაურიც. მისი თქმით, სამოქალაქო სარჩელი, რომელზეც წულუკიანი ლაპარაკობს, მისი წამოწყებულია.

“ზუსტად იცი, რომ პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის მე ვუჩივლე თქვენს სატელიტებს. ვიცოდი, რომ თქვენგან იმართებოდნენ, მაგრამ ახლა ნამდვილად დავრწმუნდი ამაში. მუდმივად არავინაა მთავრობაში და მაინც მოგიწევთ ჩემთან მოსვლა, როდესაც თქვენი უფლებები დაირღვევა, როგორც ამას 2012 წელს აკეთებდით”, – წერს ეკა გიგაური.

ამავე თემაზე

ეკა გიგაური გოგა ხაინდრავასა და გურამ ადამაშვილს სასამართლოში უჩივის

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი