უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მისამართით მძიმე ბრალდებები ისმის. კერძოდ, ეკა გიგაურს ადამაშვილმა 30 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ბრალი დასდო იმაში, რომ „მას უშუალოდ აქვს მონაწილეობა მიღებული 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევაში“.
ამასთან, ადამაშვილმა და, მოგვიანებით, ხაინდრავამაც განაცხადეს, რომ მაშინ, როდესაც ეკა გიგაური სასაზღვრო პოლიციაში საერთაშორისო ურთიერთობების და სამართლებრივი უზრუნველყოფის, კადრებისა და საფინანსო და ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სამმართველოები ექვემდებარებოდა, მან 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დაშლაში მონაწილე სპეცრაზმელები დააჯილდოვა, რისთვისაც ის შემდგომ დააწინაურეს. საქმე შეეხება არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის“ თავმჯდომარის, გურამ ადამაშვილის მიერ წარმოდგენილ, სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივიდან ამოღებულ ორ ბრძანებას, რომელიც შემდგომ მოქალაქე გიორგი ხაინდრავამ ხელმეორედ გამოაქვეყნა. 2007 წლის 14 ნოემბრით დათარიღებულ ბრძანებაში სასაზღვრო პოლიციის უფროსი ავალებს ეკა გიგაურს, კონტროლი გაუწიოს სასაზღვრო პოლიციის ხევსურეთში მდებარე ბარისახოს სამმართველოს 10 თანამშრომლისა და სასაზღვრო პოლიციის 8 სამმართველოს უფროსის (მათ შორის ბარისახოს, ლაგოდეხის, ყაზბეგის, ასევე ავიაციის და სწრაფი რეაგირების მაშველების სამართველოს უფროსების) დაჯილდოებას. აღსანიშნავია, რომ ეს პირები მთის რეგიონში ზამთრის პერიოდში საზღვრის დაცვის მოსამზადებელი სამუშაოების კარგად ჩატარებისთვის დაჯილდოვდნენ.
ადამაშვილმა და ხაინდრავამ წარმოადგინეს 2007 წლის 21 ნოემბრით დათარიღებული მეორე ბრძანება, რომლითაც ეკა გიგაურს კაპიტნის წოდება მიენიჭა. თუმცა, ბრძანებაში არ არის აღნიშნული, რომ ეკა გიგაურმა წოდება რომელიმე კონკრეტული დამსახურებისთვის მიიღო. მეტიც, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს წოდება რაიმე მიღწევასთან იქნებოდა დაკავშირებული, ეს არ შეიძლებოდა ყოფილიყო 7 ნოემბრის მოვლენები, რადგან ვერც ფუნქციურად და ვერც სამართლებრივად, სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე ვერ მიიღებდა მონაწილეობას აქციის დამრბევი პირების დაჯილდოებაში. სიცრუეს წარმოადგენს, რომ სასაზღვრო პოლიციას და ეკა გიგაურს რაიმე სახის კავშირი ჰქონდათ 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევასთან.
როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ისე სასაზღვრო პოლიციის დებულებით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მოვალეობაში არ შედის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა. შესაბამისად, მათ არ შეიძლება, მონაწილეობა მიეღოთ 7 ნოემბრის აქციის დარბევაში. ადამაშვილის და ხაინდრავას მიერ წარმოდგენილი ორი ბრძანება არავითარ კავშირში არ არის ერთმანეთთან და, მით უმეტეს, 7 ნოემბრის მოვლენებთან. ეს განცხადებები ჩრდილს აყენებს ეკა გიგაურის და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ რეპუტაციას და მიმართულია ორგანიზაციის და, ზოგადად, არასამთავრობო სექტორის საქმიანობის დისკრედიტაციისაკენ.
შესაბამისად, ორგანიზაცია და მისი აღმასრულებელი დირექტორი მოქალაქეებს გურამ ადამაშვილს და გიორგი ხაინდრავას უჩივიან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 18.2 მუხლისა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის 6.1 მუხლებით გარანტირებული უფლების დასაცავად. ცილისწამების, საქმიანი რეპუტაციის, პატივისა და ღირსების შელახვით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით, ეკა გიგაური და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ადამაშვილისა და ხაინდრავასგან ქართული მედიის საშუალებით ფაქტების საჯაროდ უარყოფას, ბოდიშის მოხდას და სიმბოლური თანხის, 30 თეთრის გადახდას ითხოვენ. იმედი გვაქვს, საკითხის სასამართლო დავით გადაწყვეტა დაასრულებს სპეკულაციებს საზოგადოებისათვის მტკივნეული 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების თემის გამოყენებით და, ამავდროულად, მოახდენს არასამთავრობო ორგანიზაციების მისამართით მსგავსი უსაფუძვლო ბრალდებების პრევენციას. აქვე მოვუწოდებთ ამ პირებს, პატივი სცენ იმ მესაზღვრეების ღირსებას, რომლებიც წლებია ღირსეულად ემსახურებიან საქართველოს და იცავენ სახელმწიფო საზღვარს, რაც, ხშირ შემთხვევაში, მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხეში ჩაგდებასთან არის დაკავშირებული”, – ნათქვამია განცხადებაში.