ხორავაზე მკვლელობის მოწმეს ჩვენების შეცვლისთვის 10 000-ს სთავაზობდნენ — რუსთავი2

ტელეკომპანია რუსთავი2 ფარული აუდიოჩანაწერების კიდევ ერთ ნაწყვეტს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკლელობის საქმის გამოძიების მიმდინარეობისას ერთ-ერთ მოწმეს ჩვენების შეცვლას სთხოვდნენ, რისთვისაც სასულიერი და ქუჩის ავტორიტეტებს მიმართავდნენ. მოწმის მამას სთავაზობდნენ 10 000-ს (უცნობია ვალუტა).

რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებში საუბრობენ ხორავას საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით დაკავებული პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი, პარლამენტარი ვიქტორ ჯაფარიძე და სუბელიანის ნდობით აღჭურვილი პირი დავით ცუხიშვიილი.

ჩანაწერის თანახმად, ერთ-ერთ მოწმეს, დ.მ-ს, რომლის მამა სასულიერო პირია, ჩვენების შეცვლას სთხოვდნენ. ჩანაწერში, არხის თანახმად, ცუხიშვილი ამბობს, რომ 10 000 ეკლესიის შესაწირ ყუთში ჩააგდო:

“მოკლედ, ჩავაგდეთ “დესიტ ტისიჩი”, ეკლესიაში, შესაწირში, და ჩვენება შეიცვალა”, — ამბობს ხმა, რომელიც, რ2-ის თანახმად, ცუხიშვილს ეკუთვნის.

“ჩვენ მთელი მამაოები, რა ვიცი, თუ ვინმე მამაო, ავტორიტეტი იყო და ქუჩის ბიჭები და ყველა, ამან დაუბრუნა ეს ათი ათასი უკან, და თავის შვილს ჩვენება არ შეაცვლევინა”.

რუსთავი2-ის თანახმად, “10 000-ის სანაცვლოდ რა უნდა ეთქვა და რა არ ათქმევინა მამამ, ჩანაწერში არ ჩანს”.

თუმცა, მათივე ცნობით, დ.მ-მ წინასწარ და სასამართლო გამოძიებაში მიცემული ჩვენება დროებით საგამოძიებო კომისიასთან შეცვალა — “მაშინ მან თქვა, რომ მოკლულ სარალიძეს სუბელიანის ნათესავი მ.კ-ც ურტყამდა”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლუკა პერტაია მუშაობდა ნეტგაზეთის რეპორტიორად 2016 წლის მაისიდან 2017 წლის 31 იანვრამდე. 2017-18 წლებში მუშაობდა OC Media ში რეპორტიორად. 2018 წლის 1 სექტემბრიდან ის კვლავ ნეტგაზეთის რეპორტიორია.