ახალი ამბები

დამსაქმებელთა ასოციაცია ევრაზიული კავშირის ფორუმის ორგანიზატორობას უარყოფს

18 ოქტომბერი, 2018 • 2436
დამსაქმებელთა ასოციაცია ევრაზიული კავშირის ფორუმის ორგანიზატორობას უარყოფს

დამსაქმებელთა ასოციაციის ინფორმაციით, ევრაზიული კავშირის ორგანიზებით თბილისში დაგეგმილი ფორუმის ორგანიზატორი არ არის. მეტიც, ასოცაციაში აცხადებენ, რომ მედიიდან შეიტყვეს დეგეგმილი ფორუმის, სახელწოდებით -„საქართველო-ევრაზიული ეკონომიკური კავშირის” შესახებ.

დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ მიზეზს, რატომ დასახელდა ქართული ასოციაციია ამ ბიზნესფორუმის ერთ-ერთ ორგანიზატორად, ამ დრომდე იკვლევენ. რაც შეეხება ევრაზიულ კავშირს, ასოციაციის პრეზიდენტი განმარტავს, რომ ამ ორგანიზაციასთან ურთიერთობა არასდროს ჰქონია.

“ორგანიზატორად დასახელების მიზეზს გავარკვევთ, თუმცა ამ ეტაპზე, ვფიქრობ, ეს ინფორმაცია სომხეთის სავაჭრო პალატისგან გავრცელდა. სომხეთის სავაჭრო პალატასთან საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია თანამშრომლობს. სავარაუდოდ, სავაჭრო პალატის წარმომადგენელმა გაავრცელა ეს ინფორმაცია. რატომ და რა მიზნით, ამის გარკვევას ვცდილობთ”,-აცხადებს ელგუჯა მელაძე.

19 ოქტომბერს თბილისში, სასტუმრო „ძველ თბილისში“ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის მცირე და საშუალო ბიზნესის ექსპორტიორებისა და ივენცენტრის ორგანიზებით ბიზნესფორუმი „საქართველო-ევრაზიული ეკონომიკური კავშირი“ გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს სომხეთში ფორუმის საორგანიზაციო კომიტეტის წევრმა, გოარ აგამალიანმა დაუდასტურა.

მისი განმარტებით,  კავშირის წევრებს ქართულ მხარესთან შეხვედრის სურვილი აქვთ, რათა წარმოადგინონ საკუთარი პროგრამები და ქართული ბიზნესკომპანიები დააინტერესონ. შეხვედრაზე უნდა გაიმართოს სექციური დისკუსიები და ორმხრივი და ინდივიდუალური ბიზნესშეხვედრები.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ფორუმის გამართვის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ და, შესაბამისად, მასში მონაწილეობის მიღებასაც არ გეგმავენ.


ევრაზიული კავშირი პოსტსაბჭოთა ქვეყნების ეკონომიკურ-პოლიტიკური გაერთიანებაა, რომელიც რუსეთის სახელმწიფოს ინიციატივით შეიქმნა. ორგანიზაციის წევრები არიან რუსეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და სომხეთი. აღნიშნული გაერთიანების ინიციატორს წარმოადგენს რუსეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი.

მასალების გადაბეჭდვის წესი