ახალი ამბებიეკონომიკა

ევრაზიული კავშირის გადაწყვეტილება და საქართველოს მზაობა

14 აპრილი, 2020 • 3250
ევრაზიული კავშირის გადაწყვეტილება და საქართველოს მზაობა

ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნებმა კონკრეტული პროდუქტის ექსპორტი აკრძალეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებიდან საქართველოში წიწიბურა, მსხვილად დაღერღილი ხორბალი; ბრინჯი და სხვა პროდუქცია ვერ შემოვა. რა გავლენას მოახდენს ეს საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე, შეიქმნება თუ არა დეფიციტი ამ პროდუქტებზე და მუშაობს თუ არა მთავრობა იმპორტიორებთან ალტერნატიული ქვეყნების მოძიებაზე?

რა მოხდა?

ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნებიდა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით გარკვეული საკვები პროდუქტების ექსპორტი აიკრძალა. ევრაზიული კავშირის წევრები არიან რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი და ყირგიზეთი. აღნიშნული ქვეყნებიდან იკრძალება შემდეგი სახის პროდუქციის გაყიდვა საზღვარგარეთ:

  • ბრინჯი;
  • ხახვი;
  • ნიორი;
  • წიწიბურა და წიწიბურისგან დამზადებული პროდუქცია;
  • ჭვავი;
  • მსხვილად დაღერღილი ხორბალი;
  • მზესუმზირის მარცვლები;
  • შვრია და ა.შ.

ამ დროის მონაცემებით, აკრძალვა 2020 წლის 30 ივნისამდე მოქმედებს, თუმცა ევრაზიული კავშირი აცხადებს, რომ კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში, შესაძლოა, დამატებითი ზომებიც მიიღოს.

“ქვეყანაში ორთვიანი მარაგი გვაქვს”

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი ნეტგაზეთთან ამბობს რომ ევრაზიული კავშირის ამ გადაწყვეტილების შესახებ დაახლოებით ორი კვირის წინ იცოდნენ.

ხორბლის ნაწილში ხანიშვილი ამტკიცებს, რომ აკრძალვა შეეხო მხოლოდ დაღერღილ ხორბალს და არა სასურსათოს, რასაც საქართველოში პურის ფქვილად იყენებენ. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით,  ხორბალს რუსეთიდან იმპორტში მეორე ადგილი უკავია ნავთობისა და ნავთოპროდუქტების შემდეგ. საქართველოში 2019 წელს 90 მილიონი დოლარის ღირებულების 430 000 ტონა მარცვლეული სწორედ ამ ქვეყნიდან შემოვიდა და მთლიანი იმპორტის 87 % შეადგინა.

“ხორბალზე სხვა რეგულაცია ვრცელდება, რასაც კვოტირების სისტემას ეძახიან. ხორბლის შემთხვევაში კვოტა 5 მლნ ტონაა. შედარებისთვის გასულ წელს, როცა არანაირი პრობლემა არ იყო, სულ შავი ზღვის რეგიონში 4.5 მლნ ტონა ხორბალი გაიყიდა, ანუ რუსეთის მხრიდან რაოდენობრივი კვოტა არსებობს, თუმცა ეს რაოდენობა სავსებით საკმარისია.”

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ასევე ამბობს, რომ ჩამონათვალში სხვადასხვა პროდუქტზე ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებულ ქვეყნებზე (რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი და ყირგიზეთი) დამოკიდებულების სხვადასხვა ხარისხი არსებობს. ერთ-ერთი ყველაზე მაღალი წილი, ხანიშვილის თქმით, (დაახლოებით 80%-იანი) ამ ქვეყნებიდან წიწიბურაზე მოდის. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში წიწიბურის მარაგების 80% სწორედ ამ ქვეყნებიდან შემოდიოდა. ხანიშვილი გვეუბნება, რომ წიწიბურის შემოტანა ევროპისა და აზიის ქვყნებიდან იგეგმება.

“სამინისტრო ქვეყანაში განხორციელებულ იმპორტზე ყოველდღიურად იღებს ინფორმაციას. ასევე გვაქვს სასურსათო მარაგებზე კონტროლიც. საშუალოდ ქვეყანაში ორთვიანი მარაგი გვაქვს, ანუ იმპორტი რომ შევაჩეროთ ქვეყანაში, ორი თვის სასურსათო მარაგია. ბუნებრივია, სურსათზე ასეთი კონტროლი ადრე არ გვქონია და მხოლოდ ხორბალს ვაკონტროლებდით და ვიცოდით, რომ ოთხთვიანი გარდამავალი ნაშთი მუდმივად გვქონდა. სხვა პროდუქციას თავად კერძო ბიზნესი აკონტროლებდა. ვიცით, რომ მარაგები ეს იქნება, შაქარი, ზეთი წიწიბურა თუ სხვა, ქვეყანაში არის.”

კითხვაზე, რა გავლენას მოახდენს ეს გადაწყვეტილება საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე, ხანიშვილი პასუხობს:

“ეს ჩვენზე გავლენას არ ახდენს, თუმცა მათი გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს თავად იმ ქვეყნებზე, რომლებიც თვლიან, რომ უფრო მეტი სასურსათო მარაგები უნდა დაიტოვონ. ეს მათი გადაწყვეტილებაა, თუმცა არ მგონია რელევანტური იყოს. მთავრია, რომ ჩვენ ალტერნატივები გვაქვს.”

რაც შეეხება ფასს, გიორგი განიშვილი აცხადებს, რომ ზოგადად მსოფლიოში სურსათზე ფასები მცირდება და შესაძლოა უფრო იაფიც იყოს [ევროპიდან და აზიიდან შემოტანა], თუმცა ფასის ნაწილზე საუბარი ჯერ ნაადრევია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ასევე გვახსენებს მთავრობის დადგენილებას 9 პროდუქტთან დაკავშირებით, სადაც სახელმწიფომ დაასუბსიდირა ეს პროდუქცია, რათა მათზე მარტის დასაწყისში მოქმედი ფასები შენარჩუნებულიყო. “ამ შემთხვევაშიც თუ საჭირო გახდა, სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური ღონისძიება გატარდება”, – ამბობს ის.  

მოლოდინი “რუსეთის არაორდინალურ ქცევაზე”

დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონია ნეტგაზეთთან ამბობს, რომ ზემოთ ჩამოთვლილ პროდუქციაზე დეფიციტი არ შეიქმნება. მისი თქმითვე, რადგან საქმე რუსეთის არასტაბილურ ბაზარს ეხებოდა, დაახლოებით ორი კვირის წინ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მსხვილი იმპორტიორების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა, სადაც ალტერნატიულ ბაზრების მოძიებისა და მარაგების შექმნის საკითხი განიხილეს და ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყეს. 

“რუსეთის არაორდინალური ქცევიდან გამომდინარე, რადგანაც მასზე დამოკიდებულები ვიყავით, [ექსპორტის აკრძალვა] ყველაზე ცუდ ვარიანტად განვიხილეთ. მათი ამ გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ ნამდვილად არ გვქონდა ინფორმაცია. ანუ რადგან ძირითადი ტვირთები რუსეთიდან შემოდიოდა, ვთქვათ, ხვალ აღარ მოენდომებინა ექსპორტი, მერე რა უნდა გვექნა.  ამჟამად მუშაობა მიმდინარეობს და ათვისებული გვაქვს ისეთი ბაზრები, როგორებიცაა ჩინეთი, პოლონეთი. ასე რომ, რომელიმე პროდუქციაზე დეფიციტის საფრთხე არ არსებობს. საუბარია ისეთ პროდუქციაზე, როგორებიცაა წიწიბურა, შაქარი, მაკარონი, ბრინჯი და სხვა. ანუ პრობლემის შექმნის საფრთხე არ არსებობს”, – ამბობს ჭყონია.

ნეტგაზეთის კითხვაზე, ევრაზიული კავშირის მიერ გამოქვეყნებული პროდუქციის რა მარაგები არსებობს ქვეყანაში, ჭყონია გვპასუხობს: “მარაგები არსებობს… თუ პანიკური შესყიდვა არ იქნება, პროდუქციის დეფიციტი არ იქნება… ზუსტად მარაგებს ასე ზეპირად ვერ ვიტყვი, მაგრამ პანიკური შესყიდვა თუ არ მოხდა, რაც პირველ შემთხვევაში იყო, მარაგები ყოველთვის გვაქვს,”

ივა ჭყონია განმარტავს, რომ სხვა ქვეყნიდან შემოტანილი პროდუქციის თვითღირებულებაზე ლოჯისტიკური ხარჯები აისახება, თუმცა ამატებს, რომ პროდუქციის დეფიციტს “ეს ჯობია”. 

“15 კონტეინერი წიწიბურა მოგვაქვს ჩინეთიდან”

სადისტრიბუციო კომპანია “ალფა” ქვეყანაში საკვები პროდუქციის იმპორტს 2010 წლიდან ახორციელებს. კომპანია საქართველოში შემოაქვს ისეთი პროდუქცია, როგორიცაა ზეთი, ბრინჯი, წიწიბურა და სხვა. როგორც კომპანიის დირექტორი გურამ ბროძელი ნეტგაზეთს ეუბნება,  რუსეთიდან ექსპორტის აკრძალვის მოლოდინი ჰქონდათ ამიტომ ალტერნატიული გზების ძიება დაიწყეს. “ალფას” შემთხვევაში ეს ჩინეთი აღმოჩნდა, საიდანაც კომპანიას დაახლოებით 300 ტონა წიწიბურა  შემოაქვს, რომელიც ქვეყანაში დაახლოებით ერთ თვეში იქნება. როგორც გურამ ბროძელი ამბობს, რადგან საქართველო თვეში დაახლოებით 200 ტონა წიწიბურას მოიხმარს, ეს ორი თვის მარაგია. მისივე თქმით, ქვეყანაში დეფიციტი შესაძლოა მაქსიმუმ 1.5 თვე შეიქმნას, სანამ ეს ტვირთი საქართველოში შემოვა. 

“ჩვენ ვშიშობდით, რომ შესაძლოა პროდუქციის ექსპორტის აკრძალვა მომხდარიყო [რუსეთიდან] და ალტერნატივას ვეძებდით, რომელიც ვიპოვეთ კიდეც. ჩინეთიდან 15 კონტეინერი წიწიბურა მოგვაქვს. არიან სხვა კომპანიებიც. ანუ, ჯამში, დაახლოებით 500 ტონა წიწიბურა მოდის, რაც საქართველოს შემთხვევაში დაახლოებით ორი თვის მარაგია. ერთი თვე ან თვენახევარი დასჭირდება ჩამოტანას… ეს უკვე პორტებზეა დამოკიდებული… ახლა ძალიან ჭირს, რადგან გადატვირთულია პორტები, ამიტომ ზუსტი დროს თქმა რთულია. რაც შეეხება ფასს, თუ რაღაც ბრენდირებული და ზედმეტად გაპიარებული რამ არ არის, სამ ლარს არ გადააჭარბებს”, – აცხადებს ის. 

ევრაზიული კავშირი პოსტსაბჭოთა ქვეყნების ეკონომიკურ-პოლიტიკური გაერთიანებაა, რომელიც რუსეთის სახელმწიფოს ინიციატივით შეიქმნა. ორგანიზაციის წევრები არიან რუსეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და სომხეთი. აღნიშნული გაერთიანების ინიციატორს წარმოადგენს რუსეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი.

ამავე თემაზე

რუსეთმა ხორბლის ექსპორტი შეიძლება შეზღუდოს, თუმცა საქართველო დეფიციტს არ ელის

მასალების გადაბეჭდვის წესი