თბილისში ევრაზიული კავშირის ბიზნესფორუმს გეგმავენ

19 ოქტომბერს თბილისში, სასტუმრო „ძველ თბილისში“ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის მცირე და საშუალო ბიზნესის ექსპორტიორებისა და ივენცენტრის ორგანიზებით ბიზნესფორუმი „საქართველო-ევრაზიული ეკონომიკური კავშირი“ გაიხსნება.

ინფორმაცია ნეტგაზეთს  სომხეთში ფორუმის საორგანიზაციო კომიტეტის წევრმა გოარ აგამალიანმა დაუდასტურა.

მისი განმარტებით,  კავშირის წევრებს ქართულ მხარესთან შეხვედრის სურვილი აქვთ, რათა წარმოადგინონ საკუთარი პროგრამები და ქართული ბიზნესკომპანიები დააინტერესონ.

შეხვედრაზე უნდა გაიმართოს სექციური დისკუსიები და ორმხრივი და ინდივიდუალური ბიზნესშეხვედრები.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ფორუმის გამართვის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ და, შესაბამისად, მასში მონაწილეობის მიღებასაც არ გეგმავენ.

ევრაზიული კავშირი პოსტსაბჭოთა ქვეყნების ეკონომიკურ-პოლიტიკური გაერთიანებაა, რომელიც რუსეთის სახელმწიფოს ინიციატივით შეიქმნა. ორგანიზაციის წევრები არიან რუსეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და სომხეთი. აღნიშნული გაერთიანების ინიციატორს წარმოადგენს რუსეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი.

NDI-ის 2018 წლის იანვარში გამოქვეყნებული კვლევის შედეგების შესაბამისად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მოსახლეობის 60%  უჭერს მხარს, ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას კი – 29 %. ეს კვლევა, რომელიც 16 იანვარს გამოქვეყნდა, ასახავს საქართველოს მოსახლეობის განწყობებს 2017 წლის ნოემბერ-დეკემბერში.

შენიშვნა: ტექსტის თავდაპირველ ვარიანტში ორგანიზატორებს შორის საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაც იყო მოხსენიებული, თუმცა, ორგანიზაციამ ფორუმში მონაწილეობა კატეგორიულად უარყო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი