წლის ბოლომდე ლურჯ ავტობუსებში უფასო WiFi დამონტაჟდება – კალაძე

კახა კალაძის განცხადებით, 2018 წლის ბოლომდე “მანის” მარკის (ლურჯ) ყველა ავტობუსში უფასო უკაბელო ინტერნეტი დამონტაჟდება, ხოლო 2019 წლის ბოლომდე ყველა ყვითელი ავტობუსი ჩანაცვლდება ახალი და ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

“ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე. ამაში მხოლოდ ავტოპარკის განახლებას და ხაზების დამატებას არ ვგულისხმობთ, რა თქმა უნდა. განვითარების ნაწილად მივიჩნევთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღჭურვას დამატებითი სერვისებით. ჩვენი ინიციატივით, რასაც აუცილებლად გავაკეთებთ ამ წლის ბოლომდე – მანის მარკის ავტობუსებში დამონტაჟდეს უკაბელო ინტერნეტი, რომელიც ყველა მგზავრისთვის ხელმისაწვდომი იქნება უფასოდ. მგონია, საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს შესაძლებლობა მიეცეთ “მანის” მარკის ავტობუსებში უფასო ინტერნეტით,” – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ყვითელ ავტობუსებს, დედაქალაქის მერის თქმით, 2019 წლის ბოლომდე მათ მთლიანად ჩაანაცვლებენ ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით:

“რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს ყველაზე კომფორტული, უნდა იყოს სწრაფი საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება. რა თქმა უნდა, ეკოლოგიის თვალსაზრისითაც ყვითელი ავტობუსები სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და ეს ყველაფერი მოწესრიგდება.”

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.