ახალი ამბები

“გამოჩნდა გახრწნილი სისტემა, რომელიც ხელისუფლების ცვლილებით უნდა შეიცვალოს” – კაპანაძე

15 ოქტომბერი, 2018 • 1501
“გამოჩნდა გახრწნილი სისტემა, რომელიც ხელისუფლების ცვლილებით უნდა შეიცვალოს” – კაპანაძე

საპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ზე გასული ჩანაწერების შემდეგ, რომელშიც ტელეკომპანიის თქმით, მირზა სუბელიანი საუბრობს, მმართველობის გახრწნილი სისტემა გამოჩნდა, რომელიც მხოლოდ ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს.

დეპუტატის თქმით, არ მიიჩნევს, რომ “ქართულ ოცნებას” შეუძლია დამკვიდრებული სისტემის რეფორმირება:

“გუშინ გამოქვეყნებულმა ჩანაწერებმა  აჩვენა, რომ ეს სახელმწიფო მმართველობის სისტემა, რომელიც ივანიშვილმა დაამკვიდრა, არის გახრწნილი, ძირგამომპალი და ამის შეცვლას ხელისუფლების შეცვლა სჭირდება. ამ სისტემას “ქართული ოცნება” ვეღარ შეცვლის იმიტომ, რომ ამ სისტემის შეცვლა ნიშნავს ძალიან მნიშვნელოვანი, გავლენიანი, მათ შორის, არაფორმალური  ადამიანებისა და მოქმედი თანამდებობის პირების დასჯას”, – თქვა სერგი კაპანაძემ.

დეპუტატის მოსაზრებით, “ქართული ოცნება” ამას არ გააკეთებს. მისივე თქმით, “ნორმალურ საზოგადოებაში და ქვეყანაში, სადაც  პარლამენტი მართლაც არის ზედამხედველი ორგანო, ამის მერე მოახდენდა სერიოზულ რეაგირებას. მათ შორის, კონკრეტული თანამდებობის პირების გადაყენების, მთავრობის დათხოვნის  და ამ ადამინების პასუხისგებაში მიცემის კუთხით, რასაც “ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი არ გააკეთებს. ამაზე პასუხი უნდა გაეცეს 28 ოქტომბრის არჩევნებზე”.

დეპუტატის თქმით, ჩანაწერების საკითხს პარლამენტის ბიუროს სხდომაზეც დააყენებს:

“მე მაქვს კონკრეტული კითხვები  ჩემი კოლეგა დეპუტატების მიმართ, რომლებიც ურცხვად “აპრავებდნენ”, სხვა სიტყვას ვერ მოვუძებნი, ბოლო კვირების და თვეების განმავლობაში სუბელიანს, შინაგან საქმეთა მინსიტრს და იმ მარაზმს, რაც ხდებოდა პროკურატურაში და შსს-ში კონკრეტულად სარალიძის საქმესთან დაკავშირებით”, – ამბობს კაპანაძე.


გუშინ, 14 ოქტომბერს, ტელეკომპანია რუსთავი 2-მა  გაავრცელა ფარული ჩანაწერები. ტელეარხის ცნობით, ჩანაწერებში საუბრობენ ხორავას ქუჩის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი, “ქართული ოცნების” დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და დევნილთა სამინისტროსა და გენ. ინსპრქციის ყოფილი მაღალჩინოსანი, დავით ცუხიშვილი.

ტელეარხის ინფორმაციით, ჩანაწერიდან ირკვევა, რომ სუბელიანი მის მიმართ ხელისუფლების ქცევით უკმაყოფილოა და იმ კომპრომატებზე საუბრობს, რომლებიც მმართველი ელიტის წინააღმდეგ გააჩნია; ასევე ისმის საუბრები, რომლის მიხედვითაც, ის ხელისუფლებასთანაა გარიგებული და იცის, რამდენი ხნით უნდა იჯდეს ციხეში.

“რუსთავი2” იუწყება, რომ ჩანაწერები ახალია, პრაქტიკულად, რამდენიმე კვირის, ვინაიდან მასში რამდენჯერმე იხსენიებენ “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს, რომელმაც ხელისუფლება სწორედ რამდენიმე კვირის წინ დაადანაშაულა ბიზნესრეკეტში.

საუბრის მონაწილე ვიქტორ ჯაფარიძე, რომელიც “ქართული ოცნების წევრია”, “ნეტგაზეთთან” ინტერვიუში ადასტურებს, რომ სუბელიანს ციხეში რამდენჯერმე შეხვდა, თუმცა მისი მონაყოლი არასერიოზულად მიიჩნია.

რ2-ის სკანდალური ჩანაწერი სუბელიანის მონაწილეობით ხორავას ქუჩის საქმეზე – დეტალები

მასალების გადაბეჭდვის წესი