“ჩვენი ადგილი საერთო ევროპულ ოჯახში არის “- ბახტაძე ფრანფკურტის ბაზრობაზე სიტყვით გამოვიდა

მამუკა ბახტაძე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე სიტყვით ქართულად გამოვიდა. გამოსვლაში ბახტაძემ საქართველოს ისტორიაზე, ქვეყნის ევროპულ ღირებულებებსა და ქართულ-გერმანული ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“საბედნიეროდ, ევროპული საზოგადოება კარგად აცნობიერებს კულტურული მემკვიდრეობის ფუნდამენტურ მნიშვნელობას ევროპული იდენტობის ჩამოყალიბებასა და მის განვითარებაში. სწორედ ამას ემსახურება ისეთი სივრცეების გაჩენა, როგორიც არის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა.

მოგეხსენებათ, ეს ბაზრობა ძალიან დიდ როლს არულებს მსოფლიო ლიტერატურულ პროცესებში და ჩვენც, როგორც უდიდესი და მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობის ქვეყანა, მზად ვართ წარვდგეთ და წარმოვაჩინოთ როგორც ათასწლეულების განმავლობაში ფორმირებული ცივილიზაცია და კულტურა, ისე თანამედროვე პოეტების, მწერლების და შემსრულებებსლის შემოქმედება,” – ამბობს პრემიერი თავის გამოსვლაში.

მისივე თქმით, საქართველომ გერმანიაში, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში, “ვეფხისტყაოსნის” უნიკალური ხელნაწერი ჩაიტანა, რომელიც, მისი თქმით, საბოლოოდ გაეროს არტ-კოლექციაში დაიდებს ბინას.

“დღეს ქართული სახელმწიფო იმ ღირებულებების მემკვიდრე და გამგრძელებელია, რომელსაც საუკუნის წინ ჩაეყარა საფუძველი. ჩვენი ადგილი არის საერთო ევროპულ ოჯახში და ასი წლის შემდეგ საქართველო ევროკავშირთან წარმატებული თანამშრომლეობით მტკიცედ განაგრძობს ამ გზაზე სვლას,” – ამბობს პრემიერი.

გამოსვლის ბოლოს პრემიერმა ქართულ-გერმანულ ურთიერთობებზე ისაუბრა და განმარტა, რომ გერმანია ყოველთვის მხარში ედგა საქართველოს მისი განვითარების ყველა ეტაპზე. მათ შორის, პირველი რესპუბლიკის ფორმირებისას.

“ეს კავშირი სულ უფრო მტკიცე და მყარი ხდება და ახლო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთბაშია გადაზრდილი. გერმანია განვითარების ყველ ეტაპზე გვერდში ედგა საქართველოს. ის 27 წლის წინაც პირველი იყო, ვინც აღიარა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა. დიდი მადლობა ამისთვის,” – დასძენს ბახტაძე.

ფრანფკურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსი და პავილიონი აქვს. საქართველო წარადგენს ქართული წიგნების 300-მდე თარგმანს, ქართველი მწერლები კი მიიღებენ მონაწილეობას სხვადასხვა შეხვედრაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან