არის თუ არა ზურაბიშვილისთვის 20 ათასის შემწირველი ექიმი მისი მხარდამჭერი

ნიკოლოზ კინტრაია ჩაჩავას კლინიკის გინეკოლოგიური სექტორის ხელმძღვანელი და სალომე ზურაბიშვილის ერთ-ერთი შემწირველია. მან “ქართული ოცნების” მიერ  მხარდაჭერილ კანდიდატს 20 ათასი ლარი შესწირა. დღეს, 8 ოქტომბერს კი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე პოსტი დაწერა, სადაც განმარტა, რომ სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველი არ არის.

„ბოლო ორი დღის განმავლობაში ძალიან ბევრი მეგობარი და ჩემთვის ძვირფასი ადამიანი დამიკავშირდა, ისინი, ვისაც ჩემზე გული შესტკივა და მაფასებს .მათ შორის ისეთებიც, ძალიან დიდი ხანი რომ არ მინახავს. მათ მიერ დასმული კთხვები გავაერთიანე და მინდა ყველას ერთად გავცე პასუხი
1. პრეზიდენტის არჩევნებზე ვაპირებ მისვლას?–ვაპირებ
2. ხმას სალომე ზურაბიშვილს ვაძლევ?– არა
3. ვის მივცემ ხმას?-დაველოდები საარჩევნო კომპანიის დამთავრებას და მერე გადავწყვეტ. ჯერ დრო ბევრია
4. ამას გულწრფელად ვამბობ?-დიახ,” – წერდა კინტრაია საკუთარ ფეისბუკ გვერდზე.

აღნიშნული პოსტი, რომელიც ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნდა, საჯარო იყო ანუ მისი ნახვა ნებისმიერ მსურველს შეეძლო. თუმცა ამ დროისთვის [17:35] პოსტი გაქრა. ნეტგაზეთმა სცადა ექიმთან დაკავშირება, თუმცა მან ჩვენს კითხვებს არ უპასუხა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან