ახალი ამბები

ვფიქრობ, შევძლებთ ვიპოვოთ გზა საქართველოს ალიანსში გასაწევრიანებლად – ბენ ჰოჯესი

2 ოქტომბერი, 2018 • 15089
ვფიქრობ, შევძლებთ ვიპოვოთ გზა საქართველოს ალიანსში გასაწევრიანებლად – ბენ ჰოჯესი

გენერალ-ლეიტენანტი (გადამდგარი) ბენ ჰოჯესი, რომელიც ევროპაში ამერიკის არმიის მთავარსარდალი იყო, ამბობს, რომ ნატოს გაფართოება აუცილებლად გაგრძელდება და ალიანსი ვალდებულია, ასე მოიქცეს.

როგორც ბენ ჰოჯესმა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში განაცხადა, საქართველო ახლა უკვე უნდა იყოს ნატოში გაწევრების გზაზე, მიუხედავად იმისა, რომ მედვედევი-სარკოზის შეთანხმებიდან 10 წლის შემდეგაც რუსეთის ჯარები აგრძელებენ საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას.

“ჩვენ მივიღეთ დასავლეთ გერმანია ალიანსში, მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ გერმანიაში მილიონი საბჭოთა ჯარისკაცი იდგა. მე ვფიქრობ, ჩვენ შევძლებთ ვიპოვოთ მეთოდი საქართველოს ალიანსში გასაწევრიანებლად. საქართველოში უკვე არის პორტი ევროპასა და აზიას შორის, ხოლო ანაკლიის პორტის დასრულების შემდეგ, საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი რგოლი გახდება ევროპასა და აზიას შორის. მე ვფიქრობ, ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება უსაფრთხოებას გაზრდის, ვინაიდან ყველას აქვს საერთო ინტერესი ამ ახალი პორტის მიმართ. ყველა დაინტერესებულია, რომ საქართველო იყოს საპორტო ქვეყანა და დარჩეს სტაბილური და უსაფრთხო.  ეს აამაღლებს საქართველოს უსაფრთხოებას და უზრუნველყოფს მნიშვნელოვან წონასწორობას შავი ზღვის რეგიონში”, – განაცხადა ბენ ჰოჯესმა.

ჰოჯესმა ასევე ისაუბრა იმ მიზეზების შესახებ, თუ  რატომ ეშინია რუსეთს მის საზღვრებთან ალიანსის გაფართოების და აბსურდული უწოდა მიზეზს, თითქოს ალიანსი საფრთხეს უქმნის რუსეთს.

“რუსეთის მოსახლეობა ამჟამად არც ისე კმაყოფილია. რიგითი მოქალაქეების  ცხოვრების საშუალო დონე არ გაუმჯობესებულა ვლადიმერ პუტინის მმართველობის პერიოდში. დემოგრაფიული მდგომარეობა მძიმეა. მამაკაცების ცხოვრების ხანგძლივობა 66 წელია, პუტინმა კი  საპენსიო ასაკი 65 წლამდე გაზარდა. ამიტომ ისინი უკმაყოფილონი არიან. ეკონომიკა იარაღის, ენერგომატარებლების ექსპორტს ეფუძნება და არც ისე დივერსიფიცირებულია. ამიტომ მას სჭირდება ყურადღების გადატანა ქვეყნის შიგნით არსებული პრობლემებიდან. ერთ-ერთი საუკეთესო გზა ამის გასაკეთებლად არის საზოგადოების გაერთიანება საგარეო მტრის წინააღმდეგ, საგარეო საფრთხის შექმნა”, – განაცხადა ჰოჯესმა.

მისი თქმით, სინამდვილეში რუსეთის საზღვრის ყველაზე უსაფრთხო მონაკვეთი ფინეთიდან შავ ზღვამდეა, ვინაიდან ალიანსის არცერთი წევრი არასდროს რუსეთს თავს არ დაესხმება.

“ჩვენ ერთი სატანკო ბრიგადა გვყავს ევროპაში – 88 ტანკი. ერთ საფეხბურთო მოედანზე შეიძლება ყველა მათგანის დაპარკინგება. ეს არავისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. დაახლოებით 5 წლის წინ ყველა ჩვენი ტანკი სახლში გავუშვით. გავიყვანეთ აშშ-ის საავიაცო ბრიგადა ევროპიდან.  ჰოლანდიელებმაც შეწყვიტეს ტანკების გამოშვება. გერმანელებმა ეტაპობრივად,  70-80-90%-ით შეამცირეს ავიაცია. ყველა განიარაღდა იმდენად სწრაფად, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო. და მაშინ რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, შემდეგ უკრაინას. ამიტომ სიტუაციის აბსოლუტური დამახინჯებაა, თითქოს რუსეთს ვინმე ემუქრება”, – აღნიშნა გენერალმა.

მისი თქმით, არავინ აკაკუნებს კრემლის კარზე მათთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის თხოვნით.

“რუსეთს არავითარ შემთხვევაში არ უნდა, რომ მისი მეზობლები ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანდნენ, რადგან მაშინ თავად რუსეთის მოსახლეობამ შეიძლება შეხედოს ყველა დანარჩენს და თქვას: იქნებ მართლა ასე სჯობს?”, – დასძინა ბენ ჰოჯესმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი