ირმა ინაშვილი ოქუაშვილსა და ნატო ჩხეიძეზე: რ2-სა და ენმ-სთან ერთად იბრძვიან

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ პარტიაში არაფერი იცოდნენ ომეგა ჯგუფზე ზეწოლის შესახებ; ყოფილ თანაგუნდელს, ნატო ჩხეიძესა და ყოფილ დამფინანსებელს, ომეგა ჯგუფის დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს ეუბნება, რომ ისინი “პატრიოტთა ალიანსის” “მტრებთან” ერთად იწყებენ ბრძოლას.

ინაშვილი ამბობს, რომ ჩხეიძესთან შეხვედრა თვითონ გადაწყვიტეს მას შემდეგ, რაც რუსთავი-2-ისგან გაიგეს მათ ბიზნესზე შესაძლო ზეწოლის შესახებ. “ინიციატივა აქაც არა ქალბატონმა ნატომ, არამედ ჩვენ გამოვიჩინეთ”.

“7 სექტემბერსვე ქალბატონ ნატოს ვუთხარით, რომ მზად ვართ მხარდაჭერისთვის, მზად ვართ მასთან ერთად ბრძოლისთვის, მაგრამ ქალბატონ ნატოს ჩვენთვის არც არაფერი გაუმხელია. ჩვენ იმავე დღეს ბრიუსელში გავფრინდით და ბრიუსელში რუსთავი 2-ის ეთერით გავიგეთ ახალი ამბები. ამგვარად, ნათელი გახდა, რომ ქალბატონ ნატოს არანაირ დეტალებში ჩვენი ჩართვა არ სურდა”,- წერს ინაშვილი.

“ალიანსის” ლიდერის თქმით, 14 სექტემბერს კვლავ საკუთარი ინიციატივით შეხვდნენ პარტიის წევრები ნატო ჩხეიძეს: “კვლავ ვისაუბრეთ მხარდაჭერაზე და მე ვუთხარი, რომ დავწერდი განცხადების ტექსტს. ეს ტექსტი იმავე ღამეს დავწერე, მაგრამ ქალბატონი ნატო ამ ტექსტის გასაცნობად აღარ მოვიდა, ამიტომ განცხადება ქაღალდზე დარჩა და შემდეგ ქალბატონმა ნატომ პარტიაც დატოვა, არასათანადო მხარდაჭერის გამო”.

ინაშვილის შეხედულებით, “პირველმა ორმა განცხადებამ ცხადყო, რომ ქალბატონი ნატო და ბატონი ზაზა ბრძოლას აპირებენ რუსთავი-2-თან ერთად და ცხადია, ამისი თანამონაწილე იქნებოდა ნაცმოძრაობაც”.

ქალბატონ ნატოსაც და ბატონ ზაზასაც ვეუბნები: არაფრის საქმის კურსში არ გვაყენებდით და გვაყენებთ, ჩვენთან ერთად არანაირ მოქმედებას არ გეგმავდით და არ გეგმავთ, პირიქით, ჩვენს მტრებთან ერთად იწყებთ ბრძოლას და ამ ვითარებაში, განა, დუმილი ყველაზე ზნეობრივი ქმედება არ არის? ჩვენ რომ ნაცმოძრაობის თანამებრძოლები ვერასდროს გავხდებით, ეს, რა, ამოუხსნელი ამოცანაა?!

ინაშვილმა დასძინა, რომ “დუმილი ამ ვითარებაში, — ეს არის ზნეობრივი საქციელი”.

“ჩვენი პარტიის დაფინანსება ბატონი ზაზასთვის არავის მოუთხოვია და არც თქვენთვის უთქვამთ ვიღაცა ძალოვან მაღალჩინოსნებს,- გინდათ „პატრიოტთა ალანსში“ იყავით და გინდათ — „ქართულ ოცნებაშიო“. არავითარი სხვა მიზანი და მიზეზი ამ პოსტს არა აქვს. ჩვენ არანაირი შეხება არ გვქონია და არ გვაქვს იმ მოვლენებთან, რაზეც ბატონი ზაზა საუბრობს. თქვენც არ ჩაგიყენებივართ საქმის კურსში და ბატონი ზაზას და თქვენი გამონათქვამები ვიღაცამ შეიძლება ჩვენს საზიანოდ აღიქვას და გამოიყენოს. არ შეიძლება თქვენ ეს არ გესმოდეთ”.


ომეგა ჯგუფის საქმეზე წაიკითხეთ:

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლუკა პერტაია მუშაობდა ნეტგაზეთის რეპორტიორად 2016 წლის მაისიდან 2017 წლის 31 იანვრამდე. 2017-18 წლებში მუშაობდა OC Media ში რეპორტიორად. 2018 წლის 1 სექტემბრიდან ის კვლავ ნეტგაზეთის რეპორტიორია.