ახალი ამბები

თბილისში 25 წლის კაცი ცივი იარაღით მოკლეს

30 სექტემბერი, 2018 • 5700
თბილისში 25 წლის კაცი ცივი იარაღით მოკლეს

ახალგაზრდა კაცი, რომელიც თბილისშიგამთენიისას მოკლეს, 25 წლის ვიტალი საფაროვია. მას ჭრილობები დანით აქვს მიყენებული.

მოკლული ახალგაზრდის მეგობრისა და თანამშრომლის, აგიტ მირზოევის ინფორმაციით, მომხდარს ერთი მხრივ, ვიტალი საფაროვსა და მის მეგობარს, მეორე მხრივ კი რამდენიმე პირს შორის შელაპარაკება უძღოდა, რომელიც თავისუფლების მოედანთან ახლოს, ერთ-ერთ ბარში, 05:00-სთვის დაიწყო. მისი ცნობით, ცოტა ხნის შემდეგ აღნიშნულმა პირებმა საფაროვი მეგობართან ერტად ახლომდებარე  კუთხეში გაიყვანეს და ორივე მათგანს დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს.

“ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით, რაც ალტერნატიული წყაროებიდან მოვიპოვეთ, ადგილზე გარდაიცვალა, პატრულის თანამშრომლების თანდასწრებით. დიდხანს ელოდებოდნენ სასწრაფოს, თუმცა რომც მისულიყო უფრო ადრე, ვერ გადაარჩენდნენ”, – უთხრა აგიტ მირზოევმა “ნეტგაზეთს”.

მისივე თქმით, მომხდარზე მოკლულის მშობლები და ოჯახის წევრები ინფორმირებულნი არ იყვნენ მანამ, სანამ ვითარების გარკვევა თავად არ დაიწყეს.

ვიტალი საფაროვის მეგობარი, ჭრილობებით, საავადმყოფოში გადაიყვანეს. “რუსთავი2”-ს ცნობით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

მკვლელობის მოტივები, ამ ეტაპზე, უცნობია. შსს მომხდარს განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი