ფაშინიანი: ყარაბაღი აზერბაიჯანის შემადგენლობაში ვერ იქნება

“მთიანი ყარაბაღი ვერ იქნება აზერბაიჯანის შემადგენლობაში – თუ, რა თქმა უნდა, ვინმეს სომეხი ერის ახალი გენოციდის განხორციელება არ სურს”, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშიანიანმა გაეროში გამოსვლის დროს განაცხადა.

მისი თქმით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირება სომხეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად რჩება. “არწახის რესპუბლიკის სტატუსი და უსაფრთხოება სომხეთის პრიორიტეტი იქნება მოლაპარაკებათა პროცესში”.

როგორც ფაშიანიანი ამბობს, კონფლიქტის სამხედრო გზით გადაჭრის ნებისმიერი მცდელობა პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის რეგიონის უსაფრთხოებას, დემოკრატიას და ადამიანის უფლებების დაცვას.

“აზერბაიჯანმა უნდა შეცვალოს საკუთარი უპატივცემულობა მოლაპარაკებათა პროცესის მიმართ, მთლიანად უარი უნდა თქვას პრობლემის სამხედრო გადაჭრაზე და ყველა შემდგომი შეთანხმება უნდა შეასრულოს. მეტიც, თუ აზერბაიჯანს ნამდვილად სურს სამშვიდობო პროცესი, მან კონფლიქტის მთავარ სუბიექტთან – მთიან ყარაბაღთან უნდა დაიწყოს დიალოგი.

ფაშიანიანი ამბობს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლების მთავარი მიზანი ყარაბაღის ტერიტორიის დაბრუნებაა და არა იქ მცხოვრები ადამიანების.

“აზერბაიჯანი ნებისმიერი საბაბით აცხადებს, რომ ყარაბაღი მისი ნაწილი უნდა იყოს. ამასთან, აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღთან დიალოგი არ სურს. პრობლემა ის არის, რომ აზერბაიჯანს შეუძლია პრეტენზია ჰქონდეს ყარაბაღზე ისე, რომ მასთან საუბარის სურვილიც არ ჰქონდეს.
ეს შესაძლებელია? ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი აზერბაიჯანის ხელისუფლებას აინტერესებს არა ადამიანები, არამედ უშუალოდ ყარაბაღის ტერიტორია. ამგვარად, ნათელი ხდება, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლების სწრაფვაა ყარაბაღის “წმენდა” სომხებისგან, როგორც ეს ნახიჯევანში მოხდა.

ეს მთიან ყარაბაღს უფლებას აძლევს განაცხადოს, რომ აზერბაიჯანის შემადგენლობაში შესვლა მისთვის სრულ განადგურებას ნიშნავს. შესაბამისად, ყარაბაღი ვერ იქნება აზერბაიჯანის შემადგენლობაში, თუკი, რა თქმა უნდა, ვინმეს სომეხი ერის ახალი გენოციდის განხორციელება არ სურს. კონფლიქტი შეიძლება დარეგულირდეს მხოლოდ ორმხრივი კომპრომისების და არა ომის გზით”.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი