ახალი ამბები

საქართველოში სესხის აღება რთულდება

26 სექტემბერი, 2018 • 3311
საქართველოში სესხის აღება რთულდება

2018 წლის პირველი ნოემბრიდან ძალაში შედის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში სესხების გაცემაზე დამატებითი შეზღუდვები დაწესდება.

ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის დებულების პროექტის მიხედვით, სესხის მომსახურების კოეფიციენტის მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრა მსესხებლის ყოველთვიური შემოსავლის მიხედვით დაითვლება.

მაგალითისთვის, თუ თქვენი ყოველთვიური წმინდა შემოსავლების მოცულობა 1 000 ლარი ან ნაკლებია, სესხის დასაფარად თვეში შემოსავლის 20%-ზე მეტი არ უნდა დახარჯოთ.  შესაბამისად, 1 000-ლარიანი ხელფასის შემთხვევაში, სასესხო ტვირთმა 200 ლარს არ უნდა გადააჭარბოს.

1 000-დან – 3 000 და 3 000-დან 5 000 ლარამდე შემოსავლის შემთხვევაშიც, სესხის ტვირთი ყოველთვიური შემოსავლის 20%-ს არ უნდა აჭარბებდეს.

იმ შემთხვევაში კი, თუ მსესხებლის შემოსავალი 5 000-დან 7 000-ლარამდეა, სასესხო ტვირთის მაქსიმალური ოდენობა ყოველთვიური შემოსავლის 25%-ზე მეტი არ უნდა იყოს.  დებულების პროექტის მიხედვით, 7 000-დან 10 000 ლარამდე შემოსავლის შემთხვევაში, სასესხო ტვირთი შემოსავლის 30%-ს არ უნდა აჭარბებდეს.

თუ მსესხებლის/თანამსესხებლის ყოველთვიური წმინდა შემოსავლები აღემატება 10 000 ლარს, სესხის მომსახურების კოეფიციენტი შესაძლებელია განისაზღვროს სესხის გამცემი ორგანიზაციის შიდა პოლიტიკა-პროცედურების შესაბამისად, თუმცა ამან არ უნდა გამოიწვიოს მსესხებლის/თანამსესხებლის ჭარბვალიანობა.

დებულების პროექტის მიხედვით, ასევე მკაცრდება უძრავი ქონების უზრუნველყოფით სესხების გაცემაც. კერძოდ, მსგავსი სესხი გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელს საკუთრებაში გააჩნია ერთზე მეტი საცხოვრებელი უძრავი ქონება და, ამავდროულად, სესხის უზრუნველსაყოფად დატვირთული არ აქვს ის ქონება, რომელშიც ცხოვრობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სესხის გამცემმა ორგანიზაციამ მსესხებლის გადახდისუნარიანობის ანალიზი უნდა ჩაატაროს.

ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ დოკუმენტი სამუშაო ვერსიაა და ამოქმედებამდე, შესაძლოა, მცირე ცვლილებები კიდევ შევიდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი