“დახურული და ღია” – ფოტოგამოფენა კასპის ყოფილ ბავშვთა სახლში

დღეს, 15:00 საათზე კასპის ბავშვთა სახლის ყოფილ შენობაში ფოტოგამოფენა გაიმართება. ექსპოზიციაზე, სათაურით “ორი აქტი – დახურული და ღია” – გამოფენილი ფოტოები საგნებსა და მოვლენებს, ასევე მათ მიმართ ავტორთა ემოციებს აღწერენ. ფოტოგრაფთა ვინაობა საიდუმლოდ რჩება, ვინაიდან ნამუშევრების შემსრულებლები ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანები არიან, რომელთაც ხელს სტიგმა და რიგი სტერეოტიპები უშლით. გამოფენა ფესტივალის “Fest i Nova” ფარგლებში იმართება.

გამოფენის მონაწილეები და სტუმრები სხვადასხვა შემოქმედებით ღონისძიებაში თავადაც ჩაერთვებიან. მსურველები ხელოვნების ინსტრუქტორთა დახმარების გამოძერწავენ, დახატავენ და იმღერებენ, შენობის ეზოში კი ფსიქოლოგი ნანა აღაპიშვილი სავარჯიშოს ჩაატარებს, რომლის მონაწილეები შეისწავლიან, როგორ გაუმკლავდნენ უსიამოვნო შეგრძნებებს.

კასპის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლი, სადაც ღონისძიება იმართება, 10 წლის წინ დაიხურა. შენობაში წლების წინ ფსიქიკური და ინტელექტუალური პრობლემების მქონე ადამიანები ცხოვრობდნენ. ორგანიზატორთა ცნობით, სიმბოლურია როგორც გამოფენის ადგილი, ისე სახელწოდება.

“პროექტი “ღია” ცდილობს შეახსენოს საზოგადოებას, რომ ინსტიტუცია კი დაიხურა, მაგრამ ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანების პრობლემები კვლავ გადაუჭრელია”, – აცხადებენ ისინი

ორგანიზატორების ცნობით, რამდენიმე ადამიანი, რომლებიც კასპის უკვე დაკეტილ ბავშვთა სახლში ცხოვრობდნენ, გურჯაანში მდებარე ოჯახურ საცხოვრისში გადავიდნენ, რომელიც ორგანიზაციის “ხელი ხელს” ინიციატივით ვითარდება. სწორედ აღნიშნული ტიპის საცხოვრისში ხედავენ პროცესის მონაწილეები ზემოხსენებული ინსტიტუციის ალტერნატივას. გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოების ნაწილი, რომლებიც National Geographic-ის ფოტოგრაფმა Ami Vitale-მ გადაიღო, საცხოვრისების ბინადართა ისტორიებსაც გაგვაცნობს.

ღონისძიების კურატორია პროექტი “ღია”, ორგანიზატორი კი BASA Georgia. გამოფენას ფინანსურად ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო” უჭერს მხარს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან