ახალი ამბები

პარლამენტმა ხორავას საქმეზე “ოცნების” დადგენილება მიიღო

21 სექტემბერი, 2018 • 1738
პარლამენტმა ხორავას საქმეზე “ოცნების” დადგენილება მიიღო

საქართველოს პარლამენტმა მიიღო ქართული ოცნების დადგენილება ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით.

ეკრანზე დაფიქსირდა, რომ დადგენილებას 73 მომხრე ჰყავს, ერთმა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.

დღეს, 21 სექტემბერს, როდესაც პარლამენტი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის ალტერნატიულ დასკვნას განიხილავდა, “ევროპული საქართველოს” წევრებმა პლენარული სესია დატოვეს.

პარლამენტმა საღამოს მაინც მიიღო “ოცნების” დადგენილება.

ალტერნატიული დასკვნა კომისიაში შემავალმა “ქართული ოცნების” დეპუტატებმა მოამზადეს.

“ქართულმა ოცნებამ” ალტერნატიული დასკვნა მას შემდეგ მოამზადა, რაც ოპოზიციის მიერ მომზადებული 67-გვერდიანი დასკვნა გააკრიტიკა და “მიკერძოუბულად” შეაფასა.

“ოცნების” ვარიანტი გააკრიტიკა როგორც საპარლამენტო უმცირესობამ, ასევე, მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ.

“ქართული ოცნების” დასკვნა საგამოძიებო კომისიის ბოლო სხდომაზე ვერ დამტკიცდა. მან სულ 4 ხმა მიიღო, კომისიის 9 წევრი კი წინააღმდეგ წავიდა. ხმათა უმრავლესობით(9 ხმით) დამტკიცდა ოპოზიციის დასკვნა.

1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს ცივი იარაღით ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. სასწრაფო დახმარების სამსახურმა დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა გზაში ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. მეორე არასრულწლოვანი 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება იმავე ჩხუბის დროს მოკლულ დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე. ამ საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი