ახალი ამბები

მარიხუანის კრიტიკისთვის სააკაშვილი მმკ-ს და მათ თანამოაზრე მღვდლებს ემადლიერება

16 სექტემბერი, 2018 • 4073
მარიხუანის კრიტიკისთვის სააკაშვილი მმკ-ს და მათ თანამოაზრე მღვდლებს ემადლიერება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მადლობას უხდის იმ მღვდლებს, რომლებიც მარიხუანას სამედიცინო მიზნებისთვის წარმოებასა და ექსპორტზე გატანას ეწინააღმდეგებიან.

ყველამ უნდა გამოვხატოთ მადლიერება იმ სასულიერო პირების მიმართ, ვინც პროტესტს გამოხატავს ერის გადაშენების ნარკოკარტელური გეგმის წინააღმდეგ. ეს არის დიდი ისტორიული მნიშვნელობის ბრძოლა!”წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი ოფიციალურ ფეისბუკის გვერდზე.

გუშინ, 15 სექტემბერს, მარიხუანის კონტროლზე მთავრობის ინიცირებული კანონპროექტის წინააღმდეგ პარაკლისს მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის (მმკ) წევრი მღვდლები და მათი თანამოაზრე სასულიერო პირები უძღვებოდნენ, რომლებიც თითქმის ყველა საჯარო გამოსვლაზე მიხეილ სააკაშვილს აკრიტიკებენ, ხოლო მისი მმართველობის პერიოდს ნეგატიურად აფასებენ.

სააკაშვილის მადლობა მმკ-ს

მიმდინარე წლის 2 ივნისს, როდესაც აღნიშნული სასულიერო ზაზა სარალიძის მხარდაჭერი აქციის პარალელურად თბილისის საკრებულოსთან შეიკრიბნენ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მათ შესახებ ფეისბუკზე დაწერა:

“ამათ ისეთივე კავშირი აქვთ ქრისტიანობასთან,როგორც მე მარსთან… აი, ასე გამოიყურება რუსეთის და ივანიშვილის აგენტურა. ისინი შეურაცხყოფენ ქართველ ხალხს და ქრისტიანობას, რადგან იცავენ ბოროტებას და ებრძვიან ჩვენს თავისუფლებას და სიცოცხლის უფლებას.”

სააკაშვილი VS მმკ

პოსტი, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი მმკ-ს აკრიტიკებდა, ყოფილი პრეზიდენტის ოფიციალური ფეისბუკის გვერდიდან წაშლილია.

მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, რომლის ლიდერებიც ხშირად უერთდებიან ე.წ. ქართული მარშის ქსენოფობიურ-ჰომოფობიურ აქციებს, მარიხუანის შესახებ მიმდინარე პროცესებს ყველაზე აქტიურად აკრიტიკებს. მღვდლები შსს-ს მიერ მომზადებულ კანონპროექტს ანტიეროვნულსა და ამორალურს უწოდებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი