2018 წლის მეორე კვარტალში შიდა ტურიზმი 5.2%-ით გაიზარდა

2018 წლის მეორე კვარტალში, საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 914.3 ათასით განისაზღვრა.

საქსტატის მონაცემებით, ადგილობრივმა ვიზიტორებმა ქვეყნის ტერიტორიაზე  1.1 მილიონი ვიზიტი განახორციელეს. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტების რაოდენობა 5.2 პროცენტით აღემატება 2017 წლის მეორე კვარტალის შესაბამის მონაცემებს.

ამასთან, ვიზიტების 36% განხორციელდა 31-50 ასაკობრივი ჯგუფის მიერ. განხორციელებული ვიზიტების 55% ქალებზე მოდის. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 26.8% თბილისის მაცხოვრებელია, 18.2% მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 11,1% – აჭარაზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი. ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა თბილისში (საშუალოდ 302.0 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (207.1 ათასი ვიზიტი თვეში). ვიზიტების უმრავლესობა (52%) მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით განხორციელდა.

2018 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა 130.7 მილიონი ლარით განისაზღვრა . აღნიშნული მაჩვენებელი 12.9 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაზრდილია 7.3%-ით და 118,5 ლარს უტოლდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი