ახალი ამბები

ქარტია “იბერიის” საქმეზე გავრცელებულ ჩანაწერზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

11 სექტემბერი, 2018 • 1336
ქარტია “იბერიის” საქმეზე გავრცელებულ ჩანაწერზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ტელეკომპანია “იბერიის” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ყურადღებით აკვირდება ამ პროცესს.

ტელეკომპანიის ჟურნალისტები აცხადებენ, რომ მათ არხზე ხორციელდება ხელისუფლების ზეწოლა დამფინანსებელი კომპანიისთვის პრობლემების შექმნით.

“გამოქვეყნდა აუდიოჩანაწერები, რომლებიც შესაძლოა შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს, ამიტომ ქარტია მნიშვნელოვანად მიიჩნევს, გავრცელებული ჩანაწერების შესწავლის მიზნით დაიწყოს გამოძიება, რათა დადგინდეს, აქვს თუ არა კავშირი ხელისუფლებას ამ საუბრების შინაარსთან და მასში მონაწილე პირებთან. სახელმწიფო უწყებებმა ტელეკომპანიასთან და მის მთავარ დამფინანსებელთან დაკავშირებით მოლაპარაკებები და სხვა ქმედებები უნდა წარმართონ გამჭვირვალედ და საზოგადოებას მიაწოდონ სრული ინფორმაცია.

რამდენიმე დღეა “იბერია” საგანგებო რეჟიმში მაუწყებლობს და წლის განმავლობაში უკვე მეორედ ჟურნალისტები აცხადებენ, რომ არ იციან, გააგრძელებენ თუ არა მუშაობას. შექმნილი ვითარება ქვეყანაში არაჯანსაღი მედიაგარემოს ნიშნებზე მიუთითებს, რაც პირველ რიგში აზიანებს საზოგადოების ინტერესს, განსაკუთრებით კი, წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც მოქალაქეები მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში იმყოფებიან.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს დამფუძნებლებს და მთავრობას, მათ შორის წარმოქმნილ გაუგებრობაში არ მოხდეს ჟურნალისტთა გამოყენება და იბერიის თანამშრომლების უფლებების შელახვა”, – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი