ახალი ამბები

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილს 1,6 წლით პატიმრობა შეეფარდა

5 მარტი, 2020 • 1713
“იბერიას” საქმეზე ადეიშვილს 1,6 წლით პატიმრობა შეეფარდა

ტელეკომპანია „იბერია ტვ“-ის სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

მთავარი პროკრუატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის.

გამოძიების თანახმად, 2004 წლის იანვარში საქართველოს ახლადარჩეული ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს ხელში ჩაეგდოთ “ომეგა ჯგუფის” კუთვნილი ტელეკომპანია „იბერია ტვ“-ის სამაუწყებლო ლიცენზია, რათა ტელევიზია ხელისუფლების მიერ ყოფილიყო კონტროლირებადი. გიორგი ლაცაბიძის ხელმძღვანელობით გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება და საგადასახადო რევიზია ბიზნესმენ ზ.ო.-ს კუთვნილი „ომეგა ჯგუფის“ მიმართ, რომელიც იმჟამად საქართველოში ახორციელებდა ტელემაუწყებლობას “იბერია ტვ”-ის სახით, ასევე, საგამომცემლო და სამეწარმეო საქმიანობას. “ომეგა ჯგუფის” ყველა ოფისში, მათ შორის, ტელეკომპანია „იბერიაშიც“ განლაგდნენ სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები, დალუქეს კომპანიის ინვენტარი, პროდუქცია და მომუშავე პერსონალი შენობებიდან გაყარეს, რამაც გამოიწვია ტელეკომპანია „იბერიის“ და გაზეთ “ახალი ეპოქის” საქმიანობის შეწყვეტა და წარმოების გაჩერება.

პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი ლაცაბიძემ გენერალურ პროკურატურაში დაიბარა “ომეგა ჯგუფის” წარმომადგენელი ლ.ა., რომელსაც „ომეგა ჯგუფის“ კომპანიების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან შექმნილი პრობლემების მოგვარების და კომპანიის ტერიტორიიდან სპეციალური დანიშნულების რაზმის გაყვანის სანაცვლოდ “იბერია ტვ”-ის სამაუწყებლო ლიცენზიის დათმობა მოსთხოვა. ვინაიდან ხსენებული პირობის შესრულება „ომეგა ჯგუფის“ ბიზნესის გადარჩენის და საქმიანობის გაგრძელების ერთადერთი გზა იყო, კომპანიის წარმომადგენლები იძულებულნი გახდნენ თანხმობა განეცხადებინათ ტელეკომპანიის სამაუწყებლო ლიცენზიის დათმობის უკანონო მოთხოვნაზე და მოგვიანებით ამის შესახებ გიორგი ლაცაბიძეს აცნობეს. ამის პარალელურად, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა თავისთან დაიბარა იმჟამინდელი ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავჯდომარე დ.ქ. და აცნობა, რომ ტელეკომპანია „იბერია ტვ“ ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედებდა, რის გამოც ტელეკომპანიას მაუწყებლობა უნდა შეწყვეტოდა, ხოლო მაუწყებლობის ლიცენზია ხელისუფლების კონტროლქვეშ მოქცეულიყო, რა მიზნითაც დ.ქ.-ს უნდა უზრუნველეყო წილების დათმობის და გადაფორმების იურიდიული პროცედურები და მოეძებნა სანდო პირი, რომელსაც ლიცენზიას გადასცემდნენ.

გამოძიების თანახმად, „იბერია ტვ“-ის დამფუძნებლები დაიბარეს კოსტავას ქუჩაზე მდებარე სანოტარო ბიუროში ნოტარიუს ნ.გ.სთან, სადაც ხელი მოაწერეს დ.ქ.-ს მიერ წინასწარ მომზადებულ დოკუმენტებზე, რომლის თანახმადაც შპს „იბერია ტვ“ გაიყო ორ სუბიექტად და სამართალმემკვიდრეებად გამოცხადდნენ შპს „ტელეკომპანია აისი“ ტელელიცენზიის ნაწილში, რომელსაც გადაეცა №702 საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზია და შპს „იბერია ტვ“, რომელსაც გადაეცა დანარჩენი ქონება. აღნიშნულის შედეგად, „ტელეკომპანია აისის“ დირექტორი, 100% წილის მფლობელი და შესაბამისად, ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის მესაკუთრე გახდა დ.ქ.-ს მეგობარი დ.კ., ხოლო შემდეგ ბ.ნ. 2007 წლის 12 სექტემბერს, ზურაბ ადეიშვილის მითითებით დ.ქ.-მ ტელეკომპანიის ლიცენზია საკუთარი მეგობრის ბ.ნ.-სგან ფიქტიური ხელშეკრულებით ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებულ პირზე ი.მ.-ზე გადააფორმა, რომელმაც, თავის მხრივ, 2012 წლის 21 თებერვალს იგი შპს ,,ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპს“ გადასცა და ლიცენზია კვლავ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირის გ.ა.-ს ხელში აღმოჩნდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზურაბ ადეიშვილს სასჯელის სახით განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 3 წლის ვადით. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით დანიშნული სასჯელები ერთი მეოთხედით შეუმცირდა ¼ და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით 2 წლითა და 3 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. გიორგი ლაცაბიძეს განესაზღვრა ჯარიმა 40 000 ლარის ოდენობით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 3 წლის ვადით, რაც ამნისტიის შესახებ კანონით 2,3 წლამდე შემცირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი