ახალი ამბები

დადუნაშვილი-სარალიძის საქმის შემსწავლელი კომისიის დასკვნა სრულად

6 სექტემბერი, 2018 • 2159
დადუნაშვილი-სარალიძის საქმის შემსწავლელი კომისიის დასკვნა სრულად

2017 წლის პირველ დეკემბერს თბილისში, ხორვას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მიერ მიღებული დასკვნა გამოქვეყნდა. დოკუმენტის ავტორები კომისიაში შემავალი “ევროპული საქართველოს” დეპუტატები არიან.

დასკვნა 78 გვერდს მოიცავს და ხუთ თავად არის დაყოფილი. პირველი თავი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასა და საქმიანობას ეხება. მეორე თავში  საგამოძიებო კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებია მიმოხილული. დასკვნის მესამე თავი კომისიის მიერ გამოვლენილ დარღვევებს ეხება. მეოთხე თავში სკოლებში უსაფრთხო გარემოს შექმნაზეა საუბარი. ბოლო თავში კი კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციებია ასახული.

საგამოძიებო კიმისიამ მიიჩნია, რომ კონფლიქტის მონაცილე მ.კ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს განზრახ ჯგუფური მკვლელობის ფაქტზე.

ამასთან, საგამოძიებო კომისია მიიჩნევს, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს მირზა სუბელიანის ქმედებებზეც. კერძოდ, კომისიამ მიიჩნია, რომ მომხდარის პირველივე დღეებიდან გაჩნდა ეჭვი, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს მომხდარი ორი არასრულწ;ოვნის მკვლელობის გამოძიება, შეიძლება, მიკერძოებულად წარმართულიყო, რადგან მომხდარ ჩხუბში მონაწილეობდა საქართველოს პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირის, მირზა სუბელიანის შვილი.

კიდევ ერთი რეკომენდაცია  მოწმეთა მიმართ ცრუ ჩვენებისა და ცრუ ახსნა-განმარტების მიცემის ფაქტებზე გამოძიების დაწყებას ეხება. ასევე, დეპუტატების შეფასებით, გამოძიება ჩხუბის კიდევ ერთი მონაწილის,  გ.მ-ს დაჭრის ფაქტზეც უნდა დაიწყოს.

საპარლამენტო კომისია რეკომენდაციით მიმართავს შესაბამის უწყებებს, რეაგირება მოახდინონ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაზე პასუხისმგებელი მოხელეების/თანამდებობის პირების მიერ ჩადენილ დარღვევებზე, მათ შორის კომისია მიიჩნევს, რომ შს და იუსტიციის მინისტრების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ასევე,  გამოძიების დაწყება ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ქმედებებზე:

“ამის საფუძველს გვაძლევს ის გარემოება, რომ მთავარი პროკურორი მირზა სუბელიანის საქმეში მონაწილეობის თაობაზე ინფორმირებული იყო გამოძიების დაწყებისთანავე. მან იცოდა, რომ მირზა სუბელიანი ჭოჭმანობდა გადაწყვეტილების მიღებას, თუმცა გამოძიებისთვის არ დაუვალებია მისი დაკითხვა და მის მიმართ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. ამგვარი დავალება შოთაძეს არც მაშინ გაუცია, როცა მოწმეების ჩვენებით დადასტურდა, რომ დანაშაულის ჩადენისას მირზა სუბელიანი კალანდიების ეზოში იმყოფებოდა და არც ამ კადრების მასმედიით გავრცელების შემდეგ”, – ვკითხულობთ დასკვნაში.

კომისია მიიჩნევს, რომ მსგავსი საქმეების გამოძიების ეფექტიანობის გაზრდისთვის სასურველია, შესაძლებელი გახდეს პატიმარ არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომის გამართვის 40- დღიანი ვადის გახანგრძლივება, ასევე,  ცივი იარაღის (დანის) რეგულაციების გამკაცრება. ამ კუთხით კიდევ ერთი რეკომენდაცია  სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრებას ეხება ცრუ ჩვენების მიცემასა და ცრუ დასმენაზე.

გაეცანით კომისიის დასკვნის სრულ ვერსიას:

მასალების გადაბეჭდვის წესი